კითხვა

2022/01

„აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების“ 2021 წლის №11(263) ნომერში, ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე, გვ. 41 („იურიდიული პირის საქმიანობაა სამშენებლო ბიზნესი...“) მოწერილ პასუხში თანამშრომელი ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირად. ჩვენი მოსაზრებით, ურთიერთდამოკიდებულ პირად უნდა ჩავთვალოთ სსკ მე-19 მუხლის მიხედვით ის, ვისაც კომპანიასთან აქვს (ან ვისთანაც კომპანიას აქვს) განსაკუთრებული ურთიერთობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში ვფიქრობთ საუბარია დირექტორზე და მის უშუალოდ დაქვემდებარებულ პირზე, ხოლო შპს-ისთვის თანამშრომლები (გარდა იმისა, ვინც საწარმოს კონტროლს ახორციელებს) არ ჩაითვლება ძირითად შემთხვევაში (ამავე მუხლის გათვალისწინებით) ურთიერთდამოკიდებულ პირად. შესაბამისად, თანამშრომელზე არ გავრცელდება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ინსტრუქციის 29-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები. თქვენი აზრით, კომპანიის მიერ დაქირავებული პირი (თანამშრომელი) ყველა შემთხვევაში ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირად ამ კომპანიისთვის? გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.

პასუხი

 

სსკ მე-19 მუხლისურთიერთდამოკიდებული პირებისმიხედვით:
„1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;
) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;
) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;
) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
) პირები ნათესავები არიან;
) პირები ამხანაგობის წევრები არიან“.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი:
„5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას“.
მოცემული განმარტებიდან გამომდინარე, საწარმოს დაქირავებული თანამშრომელი და საწარმოს დირექტორი (ფიზიკური პირი) არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით, ხოლო საწარმოს დირექტორი და თავად საწარმო ურთიერთდამოკიდებული პირები არიან ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტისა და მე-5 ნაწილის თანახმად. ამასთან, დირექტორი ითვლება ნებისმიერი დაქირავებული თანამშრომლისთვის ზემდგომ თანამდებობის პირად და არა მხოლოდ მათთვის, ვინც მის უშუალო დაქვემდებარებაშია.
დავაკვირდეთ სსკ მე-19 მუხლის 1-ლ ნაწილის ბოლო ფრაზას: რადგან საწარმოს დაქირავებულ თანამშრომელს და დირექტორს (ფიზიკურ პირს) ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს, ხოლო ეს დირექტორი იმავდროულად საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირია, აშკარაა, რომ მათ შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ „მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე“. ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, საგადასახადო პრაქტიკა ჩამოყალიბდა ისე, რომ საწარმო და მისი დაქირავებული თანამშრომელი ერთმანეთთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებების დროს (რა დროსაც საწარმოს მისი დირექტორი ფიზიკური პირი წარმოადგენს, უშუალოდ ან სათანადო მინდობილობით აღჭურვილი პირის მეშვეობით) დაბეგვრის მიზნით განიხილებიან ურთიერთდამოკიდებულ პირებად, რაც სავსებით ბუნებრივია და ჩვენც ვეთანხმებით.

 

უკან დაბრუნება