კითხვა

2022/03

კომპანიამ 2014-2017 წლებში საქართველოს საბაჟოზე შემოიყვანა მძიმე ტექნიკა. საბაჟო დღგ არ არის გადახდილი, რადგან იმპორტის დროს სარგებლობდა დაშვებული შეღავათებით (კომპანია იყო BP-ის ქვეკონტრაქტორი). ტექნიკა არ არის შემოყვანილი დროებით რეჟიმში და დღეს არ არის საჭირო საბაჟო დღგ-ის გადახდა. კომპანია ამჟამად აპირებს შემოყვანილი ტექნიკის საქართველოში რეალიზაციას. მაინტერესებს, საჭიროა თუ არა საბაჟოზე ახალი განბაჟება, საბაჟო დღგ-ის გადახდა? ასეთ შემთხვევაში საგადასახადოსთან მჭირდება რამის შეთანხმება (მხოლოდ ს/ზ-ის და დღგ-ის ა/ფ-ის გამოწერას არ ვგულისხმობ)? მყიდველ კომპანიაზე ტექნიკის გადასაფორმებლად რა დამატებითი პროცედურები მჭირდება?

პასუხი

როგორც კითხვიდან შეგვიძლია დავასკვნათ, 2014-2017 წლებში იმპორტირებული მძიმე სპეცტექნიკა მართალია გაშვებულია თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს მოხდა ე.წ. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის ფარგლებში, რაც გაწერილია საქართველოს საბაჟო კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით (მოგვყავს შემოკლებით):
„1. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, მისი სპეციალური გამოყენების გათვალისწინებით, შეიძლება გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით....
3. თუ შესაძლებელია მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის მრავალჯერადი გამოყენება და საბაჟო ორგანო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების მიზნით საჭიროდ მიიჩნევს მის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის გაგრძელებას, იგი უნდა გაგრძელდეს საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით პირველად გამოყენების დღიდან არაუმეტეს 3 წლით. იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიმართაც საბაჟო ზედამხედველობა არ სრულდება ამ ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. დაუშვებელია საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გასხვისება, დაგირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან სარგებლობაში გადაცემა ან სხვაგვარად გამოყენება...
6. საბაჟო ზედამხედველობა სრულდება, თუ:
ა) შესრულდა საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;
ბ) საქონელი დეკლარირებულ იქნა ექსპორტის პროცედურაში;
გ) საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონელი სხვა მიზნით იქნა გამოყენებული და გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხა;
დ) განხორციელდა საქონლის განკარგვა ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად.
7. თუ მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გასხვისდა იმ პირზე, რომელიც მას იყენებს იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რომლისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელზე შეღავათები იქნებოდა გამოყენებული, ამ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და იგი ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ...
11. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცევისა და ამ პროცედურის დასრულების წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი მოქმედი ბრძანებაა 29.08.2019 წ. №257 „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“, კერძოდ კი მისი №12 დანართი „ინსტრუქცია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“, რომლის მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით დადგენილია, თუ როდის დასრულდება მიზნობრივი დანიშნულებიY გამოყენების პროცედურა:
„5. მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილ, მრავალჯერადი გამოყენების საქონელზე (ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა) საბაჟო ზედამხედველობისა და, შესაბამისად, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის დასრულების ვადა განისაზღვრება საქონლის სახეობისა და მისი შემოტანის მიზნის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლით ამ საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით პირველად გამოყენების დღიდან.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობა არ დასრულდება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე“.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული საქართველოს შს მინისტრის 31.07.2007 წ. №150 ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;
ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;
გ) მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;
დ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;
ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;
ვ) ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები;
ზ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებთან გათნაბრებულია 45 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის მქონე მოტოციკლი, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 ან ნაკლებია ან ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ ან ნაკლებია“.
ამგვარად, თუ თქვენ მიერ 2014-2017 წლებში იმპორტირებული სპეცტექნიკა არ მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილ სატრანსპორტო საშუალებებს (გარდა ზოგიერთი გამონაკლისა, რაც განსაზღვრულია შს მინისტრის ამ ბრძანების მე-3 მუხლში), მაშინ მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურა დასრულებულია 3-წლიანი ვადის გასვლის გამო და მისი გასხვისება შეგიძლიათ სრულიად თავისუფლად; ხოლო თუ მიეკუთვნება, მაშინ ეს პროცედურა კვლავინდებურად ძალაშია! ამ უკანასკნელ შემთხვევაში, დაუშვებელია საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ამ ტექნიკის „საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გასხვისება, დაგირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან სარგებლობაში გადაცემა ან სხვაგვარად გამოყენება“, როგორც ეს აღნიშნულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 141-ე მუხლის მე-4 ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია მიიღოთ საბაჟო ორგანოს თანხმობა ამ ტექნიკის გასხვისებაზე.
მყიდველ კომპანიაზე სპეცტექნიკის გადასაფორმებლად საჭიროა ნასყიდობის ხელშეკრულება და მ/ჩ აქტი, რის საფუძველზეც იწერება სასაქონლო ზედნადები. თუმცა, პრაქტიკაში ნასყიდობის ხელშეკრულება ხშირად არც ფორმდება და მხოლოდ მ/ჩ აქტის ან/და სასაქონლო ზედნადების მიხედვით ხდება მიწოდება. თუ სპეცტექნიკა რეგისტრირებულია შსს მომსახურების სააგენტოში, ცხადია, საჭიროა მისი გადარეგისტრირება ახალ მყიდველზე.

უკან დაბრუნება