კითხვა

2021/10

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს: „ო) რეზიდენტი საწარმოდან ან საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებიდან მართვისათვის, აგრეთვე საფინანსო ან/და სადაზღვევო მომსახურებისათვის (გადაზღვევის მომსახურების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი“. საქართველოს რეზიდენტ საწარმოს უცხოეთში გახსნილი აქვს ანგარიში და არარეზიდენტმა ბანკმა დაუკავა გადარიცხვისას საკომისიო. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ჩაითვლება დაკავებული საკომისიო არარეზიდენტისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან თუ არა?

პასუხი

სსკ 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ო“ პუნქტში აღნიშნული „საფინანსო მომსახურება“ იგივეა რაც ფინანსური მომსახურება, რომელიც განმარტებულია სსკ მე-15 მუხლის მიხედვით. მათ შორის, მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, „2. ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება:
ა) ყველა სახის ანგარიშის (მათ შორის, მიმდინარე, ანგარიშსწორების, სადეპოზიტო, საბროკერო და სხვა ანგარიშის) გახსნა, განკარგვა, დახურვა, აგრეთვე ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა, მათ შორის, საგადახდო სისტემაში ტრანსფერორდერის დამუშავება/შესრულება, კლირინგი და ანგარიშსწორება ნაღდი ან უნაღდო ფორმით (მათ შორის, საინკასაციო მომსახურება)“.
როგორც ამ განმარტებიდან ნათლად ჩანს, საბანკო ანგარიშის მომსახურება ფინანსური მომსახურების ერთ-ერთი სახეა. ამიტომ, როცა არარეზიდენტი ბანკი საქართველოს რეზიდენტს საბანკო მომსახურების თანხას ახდევინებს (იმისდა მიუხედავად, ეს გადარიცხვის საკომისიოა თუ სხვა საბანკო მომსახურების საზღაური), ეს ამ არარეზიდენტი ბანკისთვის არის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი. სსკ 134-ე მუხლისა და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს რეზიდენტს როგორც საგადასახადო აგენტს ევალება ამ საბანკო მომსახურების საზღაურის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან, თუ ის არის „იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი“. თუ ეს არარეზიდენტი ბანკი იმ ქვეყნის რეზიდენტია, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, მაშინ სანახავია ამ შეთანხმების პირობები.

უკან დაბრუნება