კითხვა

2023/01

ჩვენი შპს ეწევა სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებას. სასტუმროშიც და რესტორანშიც შესაძლოა შევიმუშავოთ სტუმრების დახვედრის გარკვეული ტრადიცია. მაგალითად, სასტუმრო მომსახურების დროს, კონფერენციებზე და სხვა ღონისძიებებზე სტუმრებს შესაძლოა გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით (ჩურჩხელა, თაფლი, ნამცხვრები), ხოლო რესტორანში, სანამ სტუმრები შეკვეთას ელოდებიან, შესაძლოა მიართვან მათ ხემსი. თუ მსგავსი რამ გადაწყდა, ყველა სტუმართან იქნება ერთიანი მიდგომა. ეს უნდა განვიხილოთ როგორც მთლიანი სერვისის ნაწილი? დამატებით ხომ არ დაიბეგრება დღგ-ით?

პასუხი

2021 წლის 1 იანვრიდან, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება ზოგად შემთხვევაში აღარ იბეგრება დღგ-ით, გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. აღნიშნული თარიღიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში გაჩნდა (ან განახლდა) შემდეგი მნიშვნელოვანი დებულებები:
მუხლი 157. ტერმინთა განმარტებები
ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:...
) დამხმარე ხასიათის მომსახურება/საქონელიმომსახურება/საქონელი, რომლის შეძენა არ არის მისი მომხმარებლის ძირითადი მიზანი, მაგრამ გამიზნულია მისთვის ძირითადი მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების პირობების გაუმჯობესების ან/და უკეთ სარგებლობის უზრუნველსაყოფად;
) უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება/საქონელიმომსახურება/საქონელი, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების/საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის“.
მუხლი 159. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები
...2. საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან სხვა სახის საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათისაა, განიხილება ამ მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ნაწილად“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1) სასტუმრო მომსახურების დროს, კონფერენციებზე და სხვა მსგავს ღონისძიებებზე სტუმრებისთვის ტკბილეულის (ჩურჩხელა, თაფლი, ნამცხვრები, ასევე ჩაი, ყავა) მირთმევა, არ უნდა იქნეს განხილული ცალკე შესრულებულ დასაბეგრ ოპერაციად. ეს არის გაწეული სერვისის შემადგენელი ნაწილი, როგორც მისთვის დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება და დაიბეგრება დღგ-ით მთლიანი საკონფერენციო მომსახურების შემადგენლობაში. ოღონდ, ეს რომ ასე მოხდეს, თქვენს სასტუმროს უნდა ჰქონდეს მტკიცებულებები, რომ ტკბილეულის მირთმევა ღონისძიების სტუმრებისთვის იყო არა ნებაყოფლობითი საქციელი, არამედ სახელშეკრულებო ან კონსტრუქციული ვალდებულება, რომელიც გაცხადებული გქონდათ საჯაროდ ამ სახის ღონისძიებების რეკლამირებისას (მაგალითად, ვებგვერდით, ელექტრონული რეკლამით, ბუკლეტებით...), ან ჩაწერილი გქონდათ ღონისძიების დამკვეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
2) სარესტორნო მომსახურების დროს, ხემსის (მცირე საკვების, რომელიც არ არის ცალკე მენიუს რომელიმე კერძი ან კერძის ნაწილი) მირთმევა სტუმრისთვის იმ დროს, როცა ის შეკვეთის მიტანას ელოდება, ასევე არ უნდა იქნეს განხილული ცალკე შესრულებულ დასაბეგრ ოპერაციად. ესეც არის გაწეული სერვისის შემადგენელი ნაწილი, როგორც მისთვის დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება და დაიბეგრება დღგ-ით მთლიანი სარესტორნო მომსახურების შემადგენლობაში. აქაც, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, სასტუმროს/რესტორანს უნდა ჰქონდეს ხემსით გამასპინძლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა რადგან ეს ვერც ხელშეკრულებაში ჩაიწერება და ვერც რეკლამაში გაჟღერდება, ამიტომ უნდა დასტურდებოდეს დირექტორის განკარგულებითა და შიდა საბუთბრუნვით.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ მოცემულ შემთხვევებში არ აქვს ადგილი .. შერეულ ოპერაციებს, რომელთა დღგ-ით დაბეგვრა რეგულირდება სსკ 169- მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, რადგან სარესტორნო მომსახურებაც და სასტუმროს მომსახურებაც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს.

უკან დაბრუნება