კითხვა

2023/04

კომპანიის 100%-იანმა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა ამავე კომპანიაში შემოიტანა უპროცენტო სესხი 5 წლით. მოვახდინეთ სესხის დისკონტირება და დისკონტის თანხა განვიხილეთ, როგორც დამატებითი შენატანი კაპიტალში. თუ არის შესაძლებელი აღნიშნული შენატანის საწესდებო კაპიტალში გადატანა? შესაძლებლობის შემთხვევაში, რა პროცედურებია საჭირო? კომპანია აღრიცხვა-ანგარიშგებისთვის იყენებს ფასს-ების სრულ ვერსიას.

პასუხი

2022 წლიდან ამოქმედებულიმეწარმეთა შესახებსაქართველოს ახალი კანონი, კერძოდ კი მისი მე-5 და მე-6 მუხლები, მოითხოვს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და სააქციო საზოგადოებების სადამფუძნებლო შეთანხმებები უნდა მოიცავდეს რიგ სავალდებულო მუხლებს, მათ შორის, განთავსებული და ნებადართული კაპიტალის ოდენობას, რაც რეგისტრირებული უნდა იყოს სამეწარმეო რეესტრში (ისევე როგორც კაპიტალის შემდგომი ცვლილებები).
ამავე კანონის 22-ე და 23-ე მუხლების თანახმად:
„მუხლი 22. შენატანის საგანი
შენატანის საგანი არის ქონებრივი სიკეთე, რომლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემის ვალდებულებასაც (შენატანის განხორციელების ვალდებულება) იღებს სამეწარმეო საზოგადოების მომავალი ან მოქმედი პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ.
მუხლი 23. შენატანის სახეები
შენატანის განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით (ფულადი შენატანი) ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით (არაფულადი შენატანი). სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი“.
ამასთანავე, ამ კანონის 24- მუხლის მოთხოვნაა, რომ:
„2. ფულადი შენატანი განხორციელებულად მიიჩნევა ფულის/თანხის სამეწარმეო საზოგადოების მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის მომენტიდან;
3. არაფულადი შენატანი განხორციელებულად მიიჩნევა საკუთრების უფლების გადაცემისთვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებების შესრულების მომენტიდან“.
დამფუძნებლისაგან უსასყიდლო სესხის გადაცემისას სააღრიცხვო შეფასებით დათვლილი დისკონტირების თანხა ნამდვილად წარმოადგენს კომპანიისათვის გადაცემულ „ქონებრივ სიკეთეს“. მიუხედავად ამისა, ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან გამომდინარე, ეს ქონებრივი სიკეთე კომპანიის კაპიტალში ისეთ არაფულად შენატანად რომ ჩაითვალოს, რომლის დარეგისტრირების ვალდებულება არსებობს, ამის შესახებ უნდა არსებობდეს პარტნიორთა კრების სათანადო გადაწყვეტილება კომპანიის საწესდებო კაპიტალის ზრდის შესახებ (რაც მიღებული უნდა იქნეს ამ შენატანის განხორციელებამდე) და მისი შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დარეგისტრება კომპანიის საწესდებო კაპიტალში ვერ მოხდება.
რა თქმა უნდა, უპროცენტო სესხის ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს და დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხის ნაწილი გადატანილ იქნეს საწარმოს საწესდებო კაპიტალში, მაგრამ ამ შემთხვევაში სესხი (რაც დარჩება სესხის თანხად ამ გადატანის შემდეგ), ცხადია, გახდება პროცენტიანი.
თუმცა, შპს-ებისთვის არსებობს ასევე ე.წ. ნებაყოფლობითი დამატებითი შენატანის ცნებაც. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის „სავალდებულო და ნებაყოფლობითი დამატებითი შენატანების“ მე-4 ნაწილი ადგენს:
„4. პარტნიორს, დირექტორის თანხმობით, შეუძლია განახორციელოს დამატებითი ნებაყოფლობითი შენატანი არაფულადი სახითაც, მაშინაც კი, როცა წესდება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულებას არ ითვალისწინებს“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ვხედავთ რამე წინააღმდეგობას, ვერც სამართლებრივს და ვერც სააღრიცხვოს (საგადასახადო ასპექტებს ამ პასუხში არ განვიხილავთ), რომ შპს-ის პარტნიორისაგან უსასყიდლო სესხის გადაცემისას სააღრიცხვო შეფასებით დათვლილი დისკონტირების თანხა აისახოს კაპიტალში როგორც პარტნიორის ნებაყოფლობითი დამატებითი შენატანი (და არა შენატანი წესდებით განსაზღვრულ კაპიტალში, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრში). ბუღალტრულ გატარებებს ექნება სახე:
დ-ტი 1210 ლ-ტი 4140 ან 4170/„გრძელვადიანი უპროცენტო სესხი“ X;
დ-ტი 4145 ამ 4175/„გრძელვადიანი უპროცენტო სესხის კონტრანგარიში დისკონტირების გამო“ კ-ტი 5160/„პარტნიორის დამატებითი შენატანი კაპიტალში“ D,
სადაც X არის უპროცენტო სესხის სრული თანხა, ხოლო D – მისი დისკონტირების თანხა.
ეს დამატებითი შენატანი კაპიტალში შემდგომში თუ იქნება გადატანილი განთავსებულ საწესდებო კაპიტალში, მაშინ კაპიტალის ეს გაზრდა საგადასახადო მიზნებისთვის არ ჩაითვლება პარტნიორის მიერ კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) განხორციელებულ შენატანად (როგორც ეს, მაგალითად, სსკ 981 მუხლის მე-2 ნაწილისპუნქტშია მითითებული). ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში პარტნიორის მიერ მისი გატანა ჩაითვლება მოგების განაწილებად და დაიბეგრება შესაბამისად.

უკან დაბრუნება