კითხვა

2026/05

როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებული პირისთვის დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე (საქონლის გაყიდვა დღგ-ით დაბეგვრადია), რომელიც შეძენილია გასულ წლებში შემდგომი გაყიდვის მიზნით და რომელიც ბალანსზე ნაშთად ჰქონდა ამ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის, რაც მოხდა წლეულს, იანვარში?

პასუხი

მართალია, აღნიშნული საკითხი არ არის უშუალოდ განმარტებული საქართველოს საგადასახადო კოდექსში, მაგრამ მას ნათელს ჰფენს მაგალითი №9, რომელიც მოყვანილია შემოსავლების სამსახურის უფროსის 17.03.2021 წ. №7536 ბრძანებით (მასში შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით) დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების" №5 დანართში, „დღგ-ის ჩათვლა":
მაგალითი 9. (ჩათვლა ნაშთად არსებულ მარაგებზე)
პირობა:
დასაბეგრი პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 3 იანვარს, ნაშთად ერიცხება 2020 წლის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელზეც გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები.
შეფასება:
საგადასახადო კოდექსის 174- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე დასაბეგრ პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე თუ გააჩნია შესაბამისი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მისთვის დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დასაბეგრი პირი უფლებამოსილია დადგენილი წესით ჩაითვალოს დღგ- ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული საქონლის შეძენისას გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამასთან თუ ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის ჩათვლა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციით (მათ შორის შესწორებული დეკლარაციით, რომლის წარდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა)".
აღნიშნული მოწმობს, რომ თუ პირი დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად 2026 წლის იანვარში, მას შეუძლია 2026 წლის მანძილზე ჩაითვალოს დღგ იმ გასაყიდად გამიზნულ ანუ დღგ-ით დასაბეგრ (ან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ) ოპერაციებში გამოსაყენებელ მარაგებზე, რომლებიც ნაშთად ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის, იმ პირობით, თუ ისინი შეძენილია 2023-2025 წლებში და მათ შეძენაზე არსებობს დღგ-ის ჩათვლის უფლების საფუძვლის მქონე საგადასახადო დოკუმენტები. 

 

უკან დაბრუნება