თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და არა კურსთა შორის სხვაობების ანგარიშებს 8180 და 8280. რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებთ?
როდესაც საბანკო კონვერტაციის შედეგად წარმოიშობა ხარჯი (არ აქვს მნიშვნელობა, მომსახურე ბანკის მეშვეობით ხდება ეს თუ სავალუტო ჯიხურებში), ის, როგორც წესი, არ წარმოადგენს საკურსო სხვაობას. ეს არის ჩვეულებრივი ხარჯი (როგორიც, მაგალითად, სხვა საბანკო მომსახურების ხარჯები), ამიტომ მართებულია მის აღსარიცხავად გამოყენებული იქნეს საოპერაციო ხარჯების ერთ-ერთი ანგარიში (მაგალითად, 7471 ანგარიში) და არა არასაოპერაციო ხარჯის ანგარიში 8280 „უარყოფითი საკურსო სხვაობა".
იშვიათ შემთხვევაში, კონვერტაცია წარმოშობს არა ხარჯს, არამედ შემოსავალს. ამ შემთხვევებისთვის, ცალსახად ჩამოყალიბებული ბუღალტრული პრაქტიკა არ არსებობს და ზოგჯერ მიაკუთვნებენ „სხვა საოპერაციო შემოსავალს", ზოგჯერ - „სხვა არასაოპერაციო შემოსავალს". თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა არასაოპერაციო შემოსავლად აღიარდება, ეს არ არის დადებითი საკურსო სხვაობა და 8180 ანგარიშის გამოყენება არასწორია.