შეიძლება თუ არა, რომ კომპანიამ ფიზიკურ პირს ასესხოს თანხა (გადასახადები რომ არ დაერიცხოს ისე)? მაგალითად - პროცენტების გარეშე, თვის ბოლომდე.
მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე" მყოფი კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა, ზოგადად, წარმოადგენს მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტს სსკ 98(2) მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" პუნქტის თანახმად:
„3. მოგების გადასახადით იბეგრება:...
ზ) ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე".
შემდგომ, როდესაც სესხის მიმღები ფიზიკური პირი ამ სესხს დააბრუნებს, გადახდილი მოგების გადასახადი უბრუნდება კომპანიას, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად:
„8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა".
თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, თუ სესხის მიმღები ფიზიკური პირი ამ სესხს დაუბრუნებს კომპანიას იმავე თვეში, მაშინ მოგების გადასახადით დასაბეგრი ობიექტი, უბრალოდ, არ წარმოიშობა, რადგან მოგების გადასახადის დაბეგვრისა და დეკლარირების საანგარიშო პერიოდი სსკ 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით არის კალენდარული თვე:
„2. რეზიდენტი საწარმოსთვის, ორგანიზაციისა და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (პირები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე".
სხვა საკითხია, ამ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის პროცენტებით დაბეგვრის საკითხი. თუ გაცემული სესხი უპროცენტო იყო, მაშინ სესხით სარგებლობის ხანმოკლეობის მიუხედავად, ადგილი აქვს კომპანიის მხრიდან ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ ფინანსური მომსახურების გაწევას, რაც, გარემოებების მიხედვით, წარმოადგენს (შესაბამისი დღეების განმავლობაში სესხით სარგებლობის საბაზრო
პროცენტის ოდენობიდან) ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ცალკე ობიექტს, სსკ 98(3) მუხლის „უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა" თანახმად, ან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, სსკ 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „მ" პუნქტის თანახმად.