ვარ ფიზიკური პირი, მცხოვრები საქართველოში, არ ვარ დარეგისტრებული გადასახადის გადამხდელად. საკონსულტაციო მომსახურება გავწიე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ველოდები თანხის ჩარიცხვას. იქ – არ იბეგრება. საკონსულტაციო მომსახურება გამოიხატება შემდეგში: წარმოებული ტექნიკის გაყიდვაში ვეხმარები (კონსულტაციას ვუწევ) მწარმოებელ ქარხნებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. რეალიზაციის მიხედვით მიხდიან თანხას (პროცენტულად). ჩავარიცხინო როგორც არამეწარმე ფიზიკურ პირს? თუ დავრეგისტრირდე ინდმეწარმედ ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელად? რა გადასახადები მომიწევს?
როგორც დასმული კითხვიდან ჩანს, თქვენ რეგულარულად ეწევით ეკონომიკურ (საკონსულტაციო) საქმიანობას. მართალია, „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკონსულტაციო საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა (აქ დავაზუსტებთ, რომ კანონის ამ დებულებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის საკონსულტაციო მომსახურებაზეა საუბარი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ის ეხება ყველა სახის კონსულტაციებს), მაგრამ ამ საქმიანობის მიმდევარი ფიზიკური პირი, საგადასახადო მიზნებისათვის, სსკ 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მიიჩნევა მეწარმე ფიზიკურ პირად, თუ იღებს ამ საქმიანობიდან დასაბეგრ შემოსავალს:
„1. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:
ა) ინდივიდუალური მეწარმე - ფიზიკური პირი, თუ ის, „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, არის ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას".
შესაბამისად, თქვენ თუ რეგულარულად იღებთ დასაბეგრ შემოსავალს ეკონომიკური საქმიანობიდან, წესით უნდა დარეგისტრირდეთ მეწარმე ფიზიკურ პირად.
რაც შეეხება დაბეგვრას, საკითხი განსახილველია როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის კუთხით.
ა) თქვენ არ გემუქრებათ დღგ-ით დაბეგვრა, რადგან მომსახურებას უწევთ არარეზიდენტ კომპანიებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, არ აქვთ ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში. ეს მომსახურება არ ითვლება საქართველოში გაწეულ მომსახურებად დღგ-ის მიზნებისათვის, სსკ 162(1) მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტის შესაბამისად:
„მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი...".
ბ) თქვენ მიერ ამ მომსახურებით მიღებული შემოსავალი ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად სსკ 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ" პუნქტის თანახმად:
„1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:...
გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:
გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;...
გ.ზ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება".
შესაბამისად, თქვენ მიერ არარეზიდენტებისაგან მიღებული ამ მომსახურების საზღაური (რადგან ის არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან) უნდა დაიბეგროს 20% საშემოსავლო გადასახადით, რა მიზნითაც თქვენ არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოთ წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, სსკ 153-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა" პუნქტის თანახმად. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოვალეობა გეკისრებათ იმისდა მიუხედავად, მეწარმე ფიზიკურ პირად დარეგისტრირდებით თუ არა.
თუ თქვენ მეწარმე ფიზიკურ პირად დარეგისტრირების შემდეგ მოიპოვებთ მცირე ბიზნესის სტატუსს (სსკ 88-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს"), ეს ცხადია შეცვლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სქემას. სსკ 90-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა", ხოლო სსკ 93-ე მუხლის 1(1) პუნქტის მიხედვით, „1(1). მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა". მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შეძლებთ თუ არა ამ სტატუსის მიღებას, დამოკიდებულია გაწეული მომსახურების სამართლებრივ კვალიფიკაციაზე. საქმე ისაა, რომ თუ თქვენ ეწევით საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც თავად წერთ, მაშინ მცირე ბიზნესის გადამხდელად ვერ დარეგისტრირდებით, რადგან საკონსულტაციო საქმიანობა შედის იმ აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალში, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 29.12.2010 წ. №415 დადგენილების №4 დანართის მე-4 პუნქტის მიხედვით: „4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა".
თუმცა, თუ თქვენ ეწევით არა საკონსულტაციო მომსახურებას, არამედ საშუამავლოს, მაშინ მცირე ბიზნესის სტატუსის მიღება შეგიძლიათ. პრაქტიკაში ხშირად საშუამავლო მომსახურებას უწოდებენ იმას, რაც სინამდვილეში კონსულტაციების გაწევაა (ჩვენი დაკვირვებით, უმეტეს შემთხვევაში ასეა), ამიტომ აუცილებელია იმის დაზუსტება, თუ კონკრეტულად, რა სახის მომსახურებას უწევთ თქვენს დამკვეთებს. საშუამავლო მომსახურების რაობა განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-748-ე მუხლებით.