კითხვა

2025/11

კაზინოში მომხმარებლებისგან პერსონალისთვის დატოვებული ე.წ. „თიფი“ (ტოვებენ „ფიშკების“ სახით), რომელიც გროვდება თვის განმავლობაში და თვის ბოლოს ნაწილდება შესაბამისი თანხა თანამშრომლებზე, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო ფონდში შენატანებით?

პასუხი

სსკ 101-ე მუხლის თანახმად:
„1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:...
) სხვა შემთხვევაში - სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით".
მოცემულ შემთხვევაში, კაზინოს მომხმარებლების მიერ ამ სახით დატოვებული ფული („ფიშკების" სახით) მართალია განკუთვნილია მომსახურე პერსონალისთვის, მაგრამ რადგან ეს ფული მოქცეულია კაზინოს განკარგვაში, აღრიცხულია მის ბუღალტერიაში (სავარაუდოდ) და მის მიერვე ნაწილდება თანამშრომლებზე, ეს უნდა შეფასდეს როგორც ამ თანამშრომლების მიერ მიღებული დამატებითი საზღაური დაქირავებით შესრულებული სამუშაოდან. შესაბამისად, ეს საზღაური უნდა დაიბეგროს როგორც ხელფასი, საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო სავალდებულო დაზღვევის შენატანებით.
კითხვის ავტორისთვის, შეიძლება საინტერესო იყოს მსგავს საკითხზე შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 ივლისის №15966 გადაწყვეტილება - https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/9449fa8f-46ef-4229-871b-ecdbe3ed18a2, ასევე საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №bs-795(2k-21) - https://www.supremecourt.ge/ka/fullcase/33274/0.
ჩვენი ეს პასუხი, ისევე როგორც საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, ეფუძნება კაზინოს საქმიანობის სპეციფიკას. ის არ უნდა იქნეს გაგებული განზოგადებული სახით სხვა სახის საქმიანობისთვის, რადგან ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბიზნესის სპეციფიკა, თანამშრომლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები და ა.შ.

უკან დაბრუნება