ღვინის კომპანიის ლაბორატორიის ბალანსზე ირიცხება კოლბები, პიპეტი, ცილინდრი, სინჯარები, რომელთა თვითღირებულება (ერთეულის) 1-დან 100 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ყოველთვიურად ნაშთს აკლდება, იმტვრევა, იმსხვრევა... ასევე გვაქვს ისეთი ხელსაწყოები, მაგალითად, რეფრაქტომეტრი, PH-მეტრი, რომელთა ღირებულება 150-დან 200 ლარამდე მერყეობს. როგორ უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა, რა ანგარიშზე გატარდეს შესყიდვა და ასევე მტვრევა, მსხვრევის აღრიცხვა (ბუღალტრული გატარება)?
ასეთი მცირეფასიანი ინვენტარის შემთხვევაში მუდამ დგას სააღრიცხვო საკითხი: აღიარებული იქნეს ისინი ძირითად საშუალებებად თუ პირდაპირ საწარმოო ხარჯად აღიარდეს?
მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი ასე განმარტავს ძირითად საშუალებებს:
„7.2. ძირითადი საშუალებები - მატერიალური აქტივები, რომლებიც: (ა) იმყოფება საწარმოს განკარგულებაში და გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, საქონლის ან მომსახურების მისაწოდებლად; იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; (ბ) მოსალოდნელია მათი ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი პერიოდის განმავლობაში გამოყენება".
ანალოგიური განმარტებაა მოცემული მსს ფასს-შიც:
„17.2. ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც:
(ა) იმყოფება საწარმოს განკარგულებაში და გამოიყენება საქონლის წარმოებაში, საქონლის ან მომსახურების მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და
(ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად".
იგივე განმარტებაა ბასს 16-ში „ძირითადი საშუალებები" (მე-6 მუხლი):
„ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც:
ა) იმყოფება საწარმოს მფლობელობაში და გამოიყენება: საქონლის ან მომსახურების წარმოებაში ან მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და
ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად".
ნებისმიერი სტანდარტის მიხედვით, მატერიალური აქტივის შეძენის/შექმნის შემთხვევაში, ძირითადი საშუალების ასაღიარებლად საჭიროა ე.წ. აღიარების კრიტერიუმების დაკმაყოფილება, როგორიცაა სამომავლო ეკონომიკური სარგებელი და ღირებულების საიმედოდ განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ სტანდარტებში პირდაპირ ნახსენები არ არის, რომ გარდა ამ კრიტერიუმებისა, არის ძირითად საშუალებად აღიარებისათვის საჭიროა კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმის - ფასის (ღირებულების) არსებითობის გამოყენება. იგულისხმება, რომ თუ მატერიალური აქტივი აკმაყოფილებს ძირითადი საშუალების აღიარების ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, მაგრამ მისი ფასი უმნიშვნელოა, ის განიხილება ხარჯად და არა ძირითად საშუალებად. ანუ, მატერიალური აქტივის ძირითად საშუალებად ცნობისათვის საჭიროა, რომ მისი ღირებულება აღემატებოდეს გარკვეულ ზღვარს (რაც შეიძლება განსაზღვრული იქნეს საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკით), მაგრამ ეს დოგმა არ არის, და ზოგ შემთხვევაში ხდება ინდივიდუალურად უმნიშვნელო ერთეულების გაერთიანება ძირითად საშუალებად აღიარების კრიტერიუმის გამოსაყენებლად. არც მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი და არც მსს ფასს არ იძლევა კონკრეტულ მითითებას ამ საკითხზე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ბასს 16-ის მე-9 მუხლი, რომლის თანახმადაც:
„მოცემული სტანდარტი არ ადგენს აღიარების საზომ ერთეულს, ე.ი. რას მოიცავს ძირითადი საშუალების ერთეული. ამგვარად, საჭიროა განსჯა, აღიარების კრიტერიუმის გამოსაყენებლად ამა თუ იმ საწარმოს კონკრეტული ვითარების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, ინდივიდუალურად უმნიშვნელო ერთეულების გაერთიანება და კრიტერიუმის გამოყენება აგრეგირებული ღირებულებისათვის".
ჩვენ მიერ აღნიშნული ნიშნავს, რომ მატერიალური აქტივის (აქ არ იგულისხმება მარაგი) შექმნაზე/შეძენაზე გაწეული დანახარჯები, გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება აღიარებული იქნეს ან ძირითად საშუალებად, ან მიმდინარე პერიოდის ხარჯად.
თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ლაბორატორიული ინვენტარი, რაც დათვლადია, აღიარდეს ძირითად საშუალებებად, მიუხედავად იმისა, რომ მათი ღირებულება (ცალ-ცალკე) უმნიშვნელოა.
ცხადია, ამ ინვენტარიდან ზოგიერთი მალე გატყდება ან დაზიანდება, და საჭირო იქნება მათი პერიოდული განახლება. დაზიანებული ინვენტარი ჩამოიწერება არასაოპერაციო ზარალზე (ძირითადი საშუალების ღირებულება დარიცხული ცვეთის გამოკლებით უნდა მიეკუთვნოს 8230 ანგარიშის დებეტს). მათ ჩამოსაწერად წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ ჩაატაროთ ინვენტარიზაცია, მანამდე კი ამ ინვენტარის მიმართ გამოიყენოთ წრფივი ცვეთა მაღალი წლიური პროცენტით - 20-50%, რაც სასარგებლო სამსახურის 2-5 წლიან ვადას ნიშნავს.