კითხვა

2024/02

თეატრალურმა დაწესებულებამ გაუხსნა ე.წ. „ვარსკვლავები“ მის რამდენიმე ღვაწლმოსილ მუშაკს ამ დაწესებულებასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია (თეატრალურ დაწესებულებას არ ეკუთვნის). დანახარჯები ჩვენმა დაწესებულებამ გაწია, თითოეული ასეთი ვარსკვლავის გახსნა რამდენიმე ათასი ლარი ჯდება. რას უნდა მივაკუთვნოთ ეს დანახარჯები – ძირითადი საშუალებაა, არამატერიალური აქტივია თუ რა? აქვს თუ არა მნიშვნელობა პასუხისთვის, ბუღალტრული აღრიცხვისთვის მსს ფასს-ს გამოვიყენებთ თუ მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტს?

პასუხი

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ეს დანახარჯი სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს დაკვალიფიცირებული. უმთავრესია კონტროლის საკითხი, რამდენად აქვს შენარჩუნებული თქვენს დაწესებულებას ის ამ აქტივზე (თუ ის აქტივია), რადგან მსს ფასს-ის 2.15ა მუხლის თანახმად, „აქტივი არის რესურსი, რომელსაც საწარმო აკონტროლებს წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად და რის საფუძველზეც საწარმო მომავალში მოელის ეკონომიკური სარგებლის მიღებას“.
სხვის მიწის ნაკვეთზე დაგებული ფილა, თუ არ არსებობს მასზე რამე სამართლებრივი ან კონსტრუქციული უფლებები, ძნელია მიჩნეულ იქნეს აქტივად (ვერც მატერიალურ და ვერც არამატერიალურ აქტივად), რადგან საწარმო ვერ აკონტროლებს მას, რაც აქტივის აღიარების უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისებაა. შესაბამისად, ის არც ძირითადი საშუალებაა და არც არამატერიალური აქტივი, სარეკლამო ხარჯია. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეკლამა არის „საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას“.
მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტში მოყვანილი აქტივის განმარტება (იხილეთ ამ სტანდარტის 2.9 მუხლი) ამ მხრივ მსს ფასს-ის ანალოგიურია.
თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა თეატრალური დაწესებულება ინარჩუნებდეს კონტროლს ამ „ვარსკვლავზე“ რამე ფორმით, ქალაქის მერიასთან ან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ან რომელიმე სხვა ორგანიზაციასთან გაფორმებული სამართლებრივი ხელშეკრულების ძალით, ან რამე სხვა შეთანხმების ან კონსტრუქციული ვალდებულებების არსებობიდან გამომდინარე. ეს საკითხი საჭიროებს განსჯას კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და თუ თეატრალური დაწესებულება ჩათვლის, რომ კონტროლი ამ „ვარსკვლავზე“ ნაწილობრივ მაინც შენარჩუნებული აქვს, მაშინ ეს „ვარსკვლავი“ ჩაითვლება მის ძირითად საშუალებად (დაახლოებით ისე, როგორც ჩაითვლებოდა ძირითად საშუალებად, მაგალითად, საკუთრებაში არსებული ნახატი, რომელიც სხვა ორგანიზაციაშია დაცული).

უკან დაბრუნება