კითხვა

2024/04

ჩვენმა კომპანიამ (არ არის დღგ-ის გადამხდელი), გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირი რომ აიყვანოს თანამშრომლად (შრომითი დაქირავებით) და ხელფასი გერმანიაში გადაურიცხოს, ეს 20% საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ, თუ შეგვეძლება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეღავათით ვისარგებლოთ?

პასუხი

ზოგადად, როგორც ცნობილია, დაბეგვრის მიზნებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულება იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული დოკუმენტია, ვიდრე საქართველოს საგადასახადო კოდექსი. ეს აღნიშნულია სსკ მე-2 მუხლის მე-7 ნაწილში:
„7. გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ“.
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დადებულია და 21.01.2007 წ.-დან ძალაშია საერთაშორისო შეთანხმება „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“. ამ შეთანხმების მე-15 მუხლის თანახმად:
მუხლი 15. დაქირავებით მუშაობა
1. ამ შეთანხმების მე-16–მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი, გასამრჯელო ან სხვა მსგავსი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ მუშაობა ხორციელდება მეორე სახელმწიფოში, მაშინ ასეთ შემთხვევაში მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
) ანაზღაურების მიმღები მეორე სახელმწიფოში იმყოფება საერთო ჯამში არაუმეტეს 183 დღისა, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება შესაბამის საგადასახადო წელს, და
) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
) ანაზღაურებაზე გასაცემ ხარჯებს არ ეწევა მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება დაქირავებით მუშაობისათვის, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს იმ საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი, რომელიც ახდენს გემების ან საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციას“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ საქართველოს რეზიდენტი პირის მიერ დაქირავებით მუშაობით დასაქმებულია გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირი, მაშინ:
ა) თუ ეს გერმანიის რეზიდენტი დაქირავებული ფიზიკური პირი დაქირავებულ სამუშაოს მხოლოდ გერმანიაში (ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, გარდა საქართველოსი) ასრულებს, მაშინ მისთვის გადახდილი ხელფასი უნდა დაიბეგროს მხოლოდ გერმანიაში (რადგან გამოყენებულია ფრაზა: თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში), გარდა იმ შესაძლო გამონაკლისისა, როდესაც მის მიერ დაქირავებული მუშაობა წარმოებს იმ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემზე ან საჰაერო ხომალდზე, რომლის მართვის ადგილი საქართველოა;
ბ) თუ ეს გერმანიის რეზიდენტი დაქირავებული ფიზიკური პირი დაქირავებულ სამუშაოს მხოლოდ საქართველოში ასრულებს, ან/და მის მიერ დაქირავებული მუშაობა წარმოებს იმ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემზე ან საჰაერო ხომალდზე, რომლის მართვის ადგილი საქართველოა, მაშინ მისთვის გადახდილი ხელფასი დაიბეგრება საქართველოში, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;
) თუ გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირი დაქირავებით სამუშაოს ნაწილობრივ საქართველოში ასრულებს, ხოლო ნაწილობრივსაქართველოს ფარგლების გარეთ, მაშინ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ზემოაღნიშნული მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებები (ასევე, მხედველობაშია მისაღები ამავე შეთანხმების მე-4 მუხლის მე-3 ნაწილში მოყვანილი რეზიდენტის განმარტება), არამედ რიგი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი. ამ გარემოებების განხილვის გათვალისწინებით, შესაძლოა მისი დაბეგვრა მოხდეს გერმანიაში, ან საქართველოში, ან, ასევე შესაძლოა, ლოგიკური პროფესიული განსჯის შედეგად მისთვის გადახდილი შრომითი ანაზღაურება დაიყოს ორ ნაწილად, რომლიდანაც ერთი ნაწილი დაიბეგრება გერმანიაში, ხოლო მეორე ნაწილისაქართველოში.

უკან დაბრუნება