უცხოური ფარმაცევტული საწარმოს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის მიერ, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, დაგეგმილია ტრენინგი ქალაქგარეთ, რომელიც ეძღვნება ორ საქმიან თემას. ტრენინგში მონაწილეობს თითქმის მთელი გუნდი, საიდანაც ნაწილი ატარებს ტრენინგს, ხოლო დანარჩენები არიან მსმენელები.
ხარჯები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
1. სასტუმროში განთავსება;
2. საკონფერენციო ხარჯები;
3. კვება სასტუმროში (საუზმე+სადილი+ვახშამი);
4. მგზავრობა კომპანიის ავტომობილებით (ბენზინის ჩამოწერა მოხდება ამ მივლინებაზე).
იმის გამო, რომ კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო, სამივლინებო თანხის გაცემა (დღეში 30 ლარი) არ ხდება.
საკითხი ეხება ძირითადად კვების კომპონენტს დღგ-ის ნაწილში (საშემოსავლო ნაწილში გასაგებია, რომ 30 ლარზე ზემოთ უნდა დაიბეგროს), კერძოდ: ხომ არ წარმოშობს ეს ოპერაცია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებისა და შესაბამისად დაბეგვრის საფუძველს?
ჩვენს შპს-ში რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა ჩამოვწერეთ შსს მომსახურების სააგენტოში ერთობლივი განცხადების შედეგად, ანუ როგორც მანქანები ისინი აღარ გამოიყენება. შემდეგ ამ მანქანებზე რაც გამოსადეგი ნაწილები იყო, ზოგი გავყიდეთ, ხოლო ზოგი დავაყენეთ ისევ ჩვენს კუთვნილ სხვა ავტომანქანებზე, რომლებიც იყო მუშა მდგომარეობაში და გაუფუჭდათ ნაწილები.
ასეთი მანქანები, რომლებიც მოიხსნა რეგისტრაციიდან, არის 7 ცალი, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულებაა 138000 ლარი. გვსურს მათი ჯართში ჩაბარება (ჯართის მიმღებ კომპანიაზე, ოფიციალური საბუთით) მინიმალურ თანხად. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება და რა საგადასახადო რისკის ქვეშ შეიძლება აღმოვჩნდეთ?
ასეთი შემთხვევა მოხდა ჩვენი კომპანიის საწყობში: ოქტომბრის თვეში შემოვიდა საქონელი ყუთით (1 ყუთი – 40 ცალი). საბაჟოდან ეს ყუთი მოიტანეს გახსნილი და დაზიანებული, მაგრამ საქონლის რაოდენობა დაზიანებულ ყუთში არ გადაუთვლიათ.
ახლა, დეკემბრის თვეში, საწყობში აღმოაჩინეს, რომ აღწერით აქვთ დანაკლისი. შეადგინეს შეუსაბამობის ოქმი შინაარსით, რომ ყუთი ოქტომბერში იყო დაზიანებული (ახლავს ფოტოსურათი) და საქონლის რაოდენობის დანაკლისი ამ ყუთში აღმოაჩინეს დეკემბერში.
ჩვენ როგორ მოვიქცეთ, დანაკლისი ვაღიაროთ ოქტომბრის თვეში თუ დეკემბერში, რომელია მართებული?
უცხოური საწარმოს საქართველოს წარმომადგენლობა ვიწვევთ ექიმებს სათავო ოფისის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაზე ხორვატიაში.
ჩვენ მიერ ექიმთან გაგზავნილი მოსაწვევის თანახმად, ხარჯების ნაწილს ფარავს სათავო ოფისი (საფრანგეთი), ხოლო ნაწილს ვუნაზღაურებთ ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლობა, კერძოდ:
1. ხარჯების ნაწილი ანაზღაურდება ექიმის სახელზე ქართული ტურისტული კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისით;
2. დანარჩენი ნაწილი კი − უცხოური (ხორვატული) ტურისტული კომპანიის მიერ ჩვენზე გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, რომელიც ეხება ხორვატიაში სასტუმროს და კვების მომსახურებას.
გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება დაბეგვრასთან დაკავშირებით.
ასევე გთხოვთ გვაცნობოთ, ხორვატული ტურისტული კომპანიის მიერ ჩვენი ოფისის სახელზე გამოწერილი ინვოისი რამე პრობლემას ხომ არ შექმნის? დღგ-ის გადამხდელად არ ვართ რეგისტრირებული და მომსახურების მიღება და უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი ალბათ აქ არ არის რელევანტური, რადგან საქართველოს ფარგლების გარეთ ხდება ეს, ხომ?
თურქული კომპანიისგან, მიმდინარე თვეში, შევისყიდეთ მასალები. ინვოისში ცალკე გამოყოფილია ტრანსპორტირების საფასური, რომელიც მოიცავს თურქეთიდან საქართველოში დათქმულ ადგილამდე ტრანსპორტირებას. საქონლის და სატრანსპორტო მომსახურების საფასური გადახდილია იმავე თვეში, როდესაც მოხდა მიწოდება. თურქულ კომპანიას არ აქვს წარმომადგენლობა საქართველოში.
1) საგადასახადო კუთხით, რომელი გადასახადებით დაიბეგრება არარეზიდენტის მიერ გაწეული ტრანსპორტირების საფასური?
2) იმპორტის დეკლარაციაში, საქონლის ღირებულებას არ აქვს დამატებული ტრანსპორტირების საფასური. როგორ მოხდება დეკლარირება, ასევე ჩათვლა (არარეზიდენტის დღგ; საშემოსავლო) ასეთ შემთხვევაში?
არარეზიდენტი ფიზიკური პირი საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას − საცხოვრებელ ბინას და ამ ქონების გაქირავებაში ხელშეწყობის მიზნით გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ქართულ საწარმო „ა“-სთან. გარიგების პირობებით კომპანია „ა“ ვალდებულია მოიძიოს შესაბამისი კლიენტი, დაეხმაროს კლიენტსა და მესაკუთრეს კომუნიკაციაში და პირობების შეთანხმებაში, მესაკუთრის სახელით გააფორმოს კლიენტთან ხელშეკრულება, მონაწილეობა მიიღოს ქირის გადახდის სქემაში და ქირავნობის ვადის განმავლობაში გააკონტროლოს ქონების მართლზომიერი გამოყენება და ფიზიკური მდგომარეობა მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე. გადახდის სქემაში მონაწილეობა გულისხმობს კლიენტისთვის ქირის საფასურის გამორთმევას და მესაკუთრისთვის მიწოდებას. ამ ფუნქციების შესრულებისთვის კომპანია „ა“ მესაკუთრისგან იღებს მომსახურების საკომისიოს (საკომისიო გადაიხდება კლიენტის გადახდილი ქირიდან დაქვითვის გზით). აქვე დავძენთ, რომ კომპანია „ა“ არ იღებს რაიმე ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს კლიენტის მიმართ ქირავნობის საგანზე ან/და ზოგადად ქირავნობის გარიგებით რეგულირებულ სხვა ურთიერთობებზე.
1) როდესაც დამქირავებელი კლიენტი ფიზიკური პირია (არარეგისტრირებული), როგორ იბეგრება არარეზიდენტის მიერ გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი?
2) ვინაიდან ტექნიკურად მესაკუთრეს თანხას ქართული საწარმო ჩაურიცხავს, შესაძლებელია, რომ ის გაუთანაბრდეს საგადასახადო აგენტს სსკ 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის მიზნებისათვის?
3) დღგ-ის თვალსაზრისით, უკუდაბეგვრით ხომ არ დაიბეგრება ეს შემოსავალი, თუ არარეზიდენტ მესაკუთრეს პირადად წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება? ხომ არ გავრცელდება ამ ოპერაციაზე 1652 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტის მოთხოვნები?