სამმა ფიზიკურმა პირმა თანამფლობელობაში შეიძინა მიწა და მიაქირავა მათ მიერ დაფუძნებულ შპს-ს. ერთ-ერთი მათგანი დაინიშნა დირექტორად. ფიზიკურმა პირებმა ასევე აიღეს სესხი ინდივიდუალურად 10%-იანი სარგებლით და ასევე ინდივიდუალურად ასესხეს ფირმას ძირითადი საშუალებების შესაძენად 11%-ში. ეს პერიოდი დაემთხვა კოვიდ-პანდემიის პერიოდს და ისედაც პროდუქციის გაყიდვებმა მინიმუმი შეადგინა.
1) სესხის %-ს და იჯარას შპს ვერ იხდიდა. ხარჯად კი ვარიცხავდით შპს-ს და ისედაც ზარალიანი ფირმის ზარალის ნაშთი ამით უფრო იზრდებოდა. რამდენად სწორია ეს? ხომ არ არის მოსალოდნელი რამე სანქცია შემოწმების შემთხვევაში?
2) ამ ფირმის ეგიდით ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც გასაჯაროებულია, ნაშთად ირიცხება მცირე ოდენობით მასალების ნაშთი, ანგარიშვალდებულ დირექტორზე ფულის ნაშთი და მოკლევადიანი ვალდებულების ნაშთი. მალევე მოხდა წილების 100%-ის გაყიდვა და ვალდებულება ხომ არ გვაქვს, ჩამოთვლილი ნაშთები ვაღიაროთ შემოსავლებსა და ხარჯებში და როგორი გატარებით? და გამოვიყენოთ ზარალის გადატანის უფლება?
ორი შპს არის ურთიერთდამოკიდებული, კერძოდ, ერთი კომპანია არის მეორე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ორივე კომპანია არის „ესტონურ მოდელზე“. ზემოხსენებული კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია.
მშობელმა კომპანიამ უცხოელ მიმწოდებელთან, ინვოისის საფუძველზე შვილობილი კომპანიის ნაცვლად გადარიცხა პროდუქციის სრული ღირებულება, ხოლო პროდუქცია მიიღო შვილობილმა კომპანიამ. სამ კომპანიას შორის (მიმწოდებელი, მშობელი და შვილობილი) გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის შინაარსი არის შემდეგი: მშობელი კომპანიის მიერ გადახდილი თანხა ჩაეთვალა შვილობილ კომპანიას დავალიანებაში და შვილობილ კომპანიას წარმოეშვა სასესხო ვალდებულება მშობელი კომპანიის მიმართ.
გთხოვთ მომწეროთ, საგადასახადო მიზნებისთვის რაიმე რისკი არსებობს თუ არა აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში?
ავანსი გადავურიცხეთ ჩინეთში, შენჟენის ეკონომიკურ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიას (გამოგვიგზავნეს შენჟენის ეკონომიკურ ზონაში ბიზნეს-საქმიანობის რეგისტრაციის მოწმობა). გადარიცხვა შესრულდა ჰონგ კონგის ერთ-ერთ ბანკში, ინვოისში მითითებულ მათ საბანკო ანგარიშზე. შენჟენი არის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა (კონკრეტულად რა საგადასახადო შეღავათები მოქმედებს იქ, ჩვენთვის უცნობია). სსკ 982 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ეს კომპანია, ვისაც ავანსი გადავურიცხეთ, ხომ არ ჩაითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტ პირად? საქართველოს მთავრობის №615 დადგენილებაში შენჟენი ნახსენები არ არის (ჰონგ კონგი არის ნახსენები).
შეიძლება, რომ ღვინის ქარხანამ (შპს, მსს ფასს-ით მუშაობს) თანამშრომელს წინასწარ, 9 თვით ადრე მისცეს ყურძნის ღირებულება ავანსად? მოწეულ ყურძენს ის ჩვენთან ჩააბარებს. სესხად ხომ არ გადაკვალიფიცირდება? თუ ავანსად დარჩება, მოგების გადასახადით ხომ არ დაიბეგრება და როცა ყურძნის შესყიდვა მოხდება, დავიბრუნებთ ამ მოგების გადასახადს?
კომპანიამ სატრანსპორტო მომსახურება შეიძინა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან. ამ შემთხვევაში, არაფერს ვიხდით როგორც ეს ინდმეწარმისგან და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან მომსახურების მიღების დროს არის? თუ, მიკრო ბიზნესისგან მიღებული მომსახურების შემთხვევაში რამე განსხვავებული გადასახადი გვიწევს?
ამხანაგობა შედგება რეზიდენტი საწარმოსგან და არარეზიდენტი საწარმოსგან, რომელსაც აქვს მუდმივი დაწესებულების ფილიალი საქართველოში (ამხანაგობა გაფორმდა მისი გამოცდილების გამო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად). არარეზიდენტი ითხოვს მის წილად ბრუნვის 3%-ს და მთლიან სამუშაოს ასრულებს მეორე რეზიდენტი საწარმო, ქვეკონტრაქტორის სახით. ძირითადი კონტრაქტის ღირებულებაა, პირობითად, 1000000 ლარი და ქვეკონტრაქტორთან კი – მინუს 10% ანუ 900000 ლარი (ისე როგორც გაფორმდებოდა სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირთან). ამხანაგობაში დარჩენილი 10%-დან არარეზიდენტს ვურიცხავთ შეთანხმებულ თანხას, როგორც მოგების განაწილებას (სათაოში გადარიცხვისას, ის თავის მხრივ ბეგრავს მას მოგების გადასახადით). ასეთი ქმედება იწვევს თუ არა რაიმე სახის საგადასახადო რისკებს?