წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. საკონსულტაციო მომსახურებას გვიწევენ არარეზიდენტი ფიზიკური პირები. მომსახურების გაწევის პერიოდში ჩვენ უზრუნველვყოფთ აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართით. ამასთან, ადგილი არ აქვს მათ დაქირავებით მუშაობას. ხშირ შემთხვევებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას.
1) ჩვენი კომპანიის მიერ, არარეზიდენტებისთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებით ჩაითვლება, რომ არარეზიდენტებს საქართველოს ტერიტორიაზე გავუწიეთ მომსახურება და დაიბეგრება ჩვეულებრივი წესით დღგ-ით, და არა უკუდაბეგვრის დღგ-ით?
2) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრ ჩვენს ვალდებულებას?
3) აქვს თუ არა მნიშვნელობა ფართის ქირავნობის ორივე შემთხვევაში, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირები წარმოადგენენ იმ არარეზიდენტი კომპანიის თანამშრომლებს, რომელიც გვიწევს თავისი თანამშრომლებით საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურებას?
დამფუძნებელ ფიზიკურ პირს რამდენიმე წელია, საჭიროებისამებრ, შპს-ში (რომელიც „ესტონურ მოდელზეა“) გადმორიცხვის გზით შემოაქვს ფულადი სახსრები აშშ დოლარში. ამ პერიოდის მანძილზე ხანდახან უკანაც ვუბრუნებდით ამ თანხებს, მცირე ნაწილს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით გაცილებით მეტი აქვს შემოტანილი. გვაქვს შემდეგი კითხვები:
ა) თუ ამ თანხებს დავარქმევთ დამფუძნებლისგან საბაზრო პროცენტში მიღებულ პროცენტიან სესხს აშშ დოლარში და დღეიდან უკვე მოითხოვს დამფუძნებელი აღნიშნული პროცენტების და ძირი თანხების სრულად დაბრუნებას აშშ დოლარში ან მისი ეკვივალენტით ლარში დაბრუნების დღის კურსით, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა)?
ბ) თუ ამ თანხებს დავარქმევთ დამფუძნებლისგან უპროცენტოდ (უსასყიდლოდ) მიღებულ სესხს აშშ დოლარში და დღეიდან უკვე მოითხოვს დამფუძნებელი აღნიშნული სესხის ძირი თანხების სრულად დაბრუნებას აშშ დოლარში ან მისი ეკვივალენტით ლარში დაბრუნების დღის კურსით, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა, ანუ ლარში მეტია გასაცემი, ვიდრე მიღებული იყო)?
გ) თუ ამ თანხებს დავარქმევთ კაპიტალს და შესაბამისად შევადგენთ აქტებს კაპიტალის გაზრდაზე და შემცირებაზე, რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება დადგეს შპს ან ფიზიკური პირი (გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილების გამო წარმოქმნილია უარყოფითი საკურსო სხვაობა)?
შპს ზოგჯერ კონტრაგენტებს (იდენტიფიცირებულ პირებს) აწვდის საქონელს თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით. შემოსავლების სამსახურში ინფორმაცია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციაზე არ იგზავნება. რეალიზებული საქონელი შეიძლება იყოს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დაუბეგრავი. თუ რატომ ვაწვდით დაბალი ღირებულებით, მიზეზი შეიძლება იყოს სატენდერო წინადადება და წინასწარ შეთანხმებული ფასი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი, თუ რატომ არის ფასებში სხვაობა სტანდარტულ ხელშეკრულებებთან შედარებით, გაურკვეველია.
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
კომპანია პერიოდულობით მარკეტინგულ ხარჯებთან დაკავშირებით ატარებს ე.წ. აქციებს. კერძოდ, კლიენტებს (ფიზიკური პირები) ერიცხებათ შეძენილ საქონელზე ბონუს-ქულები (ერთგულების ქულა) პირობითად 1 ლარი=1 ქულა, ხოლო ამ ქულებით შესაძლებელია განაღდება როგორც ჩვენთან, ასევე სხვა მაღაზიებში შეძენილი საქონლის სახით.
არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ჩვენი გასაყიდი საქონლის ღირებულებაა 100 ლარი და კლიენტს, რომელსაც ბარათზე გააჩნია 100 ბონუს-ქულა, შეუძლია ჩვენგან საქონელი წაიღოს ქულების მეშვეობით.
1) ქულების მეშვეობით შეძენილი საქონლის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ჩვენ მიერ საქონელი უსასყიდლოდ არის მიწოდებული?
2) დაიბეგრება როგორც დღგ-ის მიზნებისთვის (თუ მაქვს მიღებული ამ საქონელზე დღგ-ის ჩათვლა), ასევე 1000 ლარამდე მოგების გადასახადით, ხოლო 1000 ლარზე ზევით – საშემოსავლო გადასახადით?
შენიშვნა: ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული ბონუს-ქულები წარმოადგენს ერთგულების ქულას, რათა კლიენტი მოვიზიდოთ. შესაბამისად, არ წარმოადგენს უსასყიდლოდ მიწოდებას.
არარეზიდენტი დამფუძნებლისთვის დივიდენდი რომ დაგვრჩა გადასახდელი, აშშ დოლარში უნდა გადავრიცხოთ დღევანდელი კურსით? თუ, არ ხდება ამის გადაფასება და რაც ლარშია დარჩენილი, ის უნდა გადავუხადოთ?
ვცდილობ გონივრული ნაშთი გამოვიყვანო თვეების მიხედვით. „ბ“ და „ე“ პუნქტები მაინტერესებს:
„საკასო ხარჯი – სალაროდან გასული/გასულად ჩათვლილი თანხა, რომელიც:
ა) გაიცა კრედიტორული დავალიანების დასაფარად;
ბ) გაიცა როგორც ავანსი, ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, როიალტი“ – უსაბუთო გაცემები ხელფასად და დივიდენდად რომ მაქვს ნაჩვენები, ეგენიც შედის?
„გ) ამ ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ №8 დანართის შესაბამისად, ჩაითვალა ანაზღაურებულად;
დ) გადახდილია დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯისთვის;
ე) დაიბეგრა მოგების ან საშემოსავლო გადასახადით“ – უსაბუთო ან არამიზნობრივი ხარჯი რომ დავბეგრეთ, ეგეც გაითვალისწინება საკასო ხარჯში?