ღვინის ქარხანამ თავისი პროდუქციის დისტრიბუცია საქართველოში გადასცა ამ მიზნით შექმნილ ახალ შვილობილ კომპანიას. ასეთი რამე თუ შეიძლება, რომ მაღაზიების არსებული დებიტორული დავალიანებები ღვინის ქარხნის მიმართ ახალ სადისტრიბუციო ფირმაზე გადავიდეს რამე მარტივი შეთანხმებით? ახლა მაღაზიებიდან პროდუქციის ნაშთებს ღვინის ქარხანა იბრუნებს, რაზეც დებიტორები კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს გვთხოვენ და შემდეგ დავაწერთ ახალ ფირმას ამ ნაშთებს. ძალიან შრომატევადია.
კატარის რეზიდენტი კომპანია ატარებს საქართველოში ტრენინგს ჩვენი საწარმოს თანამშრომლისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მისი (თანამშრომლის) საქმიანობის გაუმჯობესებას. კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა კატარიდან საქართველოში, ამ ტრენინგის ჩასატარებლად. ტრენინგის საფასური, პირობითად, არის 1000 აშშ დოლარი. ჩარიცხვა უნდა მოხდეს კატარის რეზიდენტი კომპანიის საბანკო ანგარიშზე კატარში.
გთხოვთ, მოგვწეროთ, რა გადასახადების გადახდა მოგვიწევს ამ შემთხვევაში?
კომპანიამ სატრანსპორტო მომსახურება შეიძინა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან. ამ შემთხვევაში, არაფერს ვიხდით როგორც ეს ინდმეწარმისგან და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან მომსახურების მიღების დროს არის? თუ, მიკრო ბიზნესისგან მიღებული მომსახურების შემთხვევაში რამე განსხვავებული გადასახადი გვიწევს?
დღგ-ის არაგადამხდელმა ინდმეწარმემ 2018 წლის ბოლოს გადაწყვიტა საკუთარ მიწაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით აეშენებინა არასაცხოვრებელი ფართი მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით. 2019 წელს დაიწყო მასალების შეძენა, რომელსაც ბუღალტრულად აღრიცხავდა ჯერ მარაგებში 1620 ანგარიშზე, ხოლო წლის ბოლომდე გახარჯული მასალები შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაჰქონდა დაუმთავრებელ წარმოებაში 1630 ანგარიშზე.
მიზეზთა გამო მშენებლობა გაგრძელდა 2023 წლის მარტამდე. ყოველწლიურად აღრიცხვა ხდებოდა: ახლად შეძენილი მასალების – 1620 ანგარიშზე, გახარჯულის კი – 1630-ზე. საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში 1620 და 1630 ანგარიშები აისახებოდა სმფ-ების სტრიქონებზე (21, 22, 24 სტრ.). მშენებლობა დასრულდა 2023 წლის მარტში.
ინდმეწარმემ 2023 წლის ივნისში გადაწყვიტა ეს ფართი, თვითღირებულებით 101 500 ლარი, აღარ გაეყიდა და გამოეყენებინა თავის ეკონომიკურ საქმიანობაში, რისთვისაც ბუღალტრულ აღრიცხვაში შეუცვალა მას კლასიფიკაცია და 01.07.2023 წ. თარიღით გადაიტანა ძირითად საშუალებებში. ამასთან, 01.11.2023 წ. წარადგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია (12 თვეზე) და 15.11.2023 წ.-მდე გადაიხადა შესაბამისი თანხაც. გვაინტერესებს:
1) სწორია თუ არა ბუღალტრულად ამ ოპერაციების აღრიცხვა და ქონების გადასახადით დაბეგვრა?
2) ვინაიდან ფართს შეეცვალა კლასიფიკაცია და გახდა ძირითადი საშუალება, საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ის ვერ აისახება სმფ-ების ნაშთის სტრ.22-ზე. სად უნდა აისახოს იგი?
3) დღგ-თი დაბეგვრის რაიმე ვალდებულება ხომ არ წარმოეშვა ინდმეწარმეს ამ ოპერაციების რომელიმე ეტაპზე?
სააქციო საზოგადოება „A“-ს, რომელიც არის მე-4 კატეგორიის საწარმო, ამჟამად გამოცხადებული საწესდებო კაპიტალი აქვს 30960 ლარი. საზოგადოების გადარეგისტრებაზე იუსტიციის სახლში გვითხრეს უარი, რადგან საწესდებო კაპიტალი 100000 ლარზე ნაკლები გვაქვს.
სააქციო საზოგადოების ქონების (შენობის) გადაფასებით, ღირებულების გაზრდის შედეგად გვინდა გავზარდოთ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი. ბუღალტრულად როგორ დავაბალანსოთ მიღებული ძირითადი საშუალების გაზრდილი ღირებულება? გთხოვთ მოგვაწოდოთ ბუღალტრული გატარებები.
ამხანაგობა შედგება რეზიდენტი საწარმოსგან და არარეზიდენტი საწარმოსგან, რომელსაც აქვს მუდმივი დაწესებულების ფილიალი საქართველოში (ამხანაგობა გაფორმდა მისი გამოცდილების გამო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად). არარეზიდენტი ითხოვს მის წილად ბრუნვის 3%-ს და მთლიან სამუშაოს ასრულებს მეორე რეზიდენტი საწარმო, ქვეკონტრაქტორის სახით. ძირითადი კონტრაქტის ღირებულებაა, პირობითად, 1000000 ლარი და ქვეკონტრაქტორთან კი – მინუს 10% ანუ 900000 ლარი (ისე როგორც გაფორმდებოდა სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირთან). ამხანაგობაში დარჩენილი 10%-დან არარეზიდენტს ვურიცხავთ შეთანხმებულ თანხას, როგორც მოგების განაწილებას (სათაოში გადარიცხვისას, ის თავის მხრივ ბეგრავს მას მოგების გადასახადით). ასეთი ქმედება იწვევს თუ არა რაიმე სახის საგადასახადო რისკებს?