შენობის მერიაში ექსპლუატაციაში მისაღებად, კომპანიამ იქირავა ამ პროცედურების ხელშეწყობა-დაჩქარებისათვის ერთ-ერთი ფირმა, რომელსაც გადაუხადა საზღაური X ლარი.
როგორ ფიქრობთ, ეს თანხა შენობის თვითღირებულებაში უნდა შევიდეს თუ მიმდინარე პერიოდის ზედნადები ხარჯია?
ორი იურიდიული პირი – შპს-ები, გაერთიანდა და დარეგისტრირდა ახალი იურიდიული პირი, ისევ შპს-ს ფორმით (საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭა ახალი, მანამდე არსებული შპს-ების საიდენტიფიკაციო კოდებისგან განსხვავებული). საქონლის ნაშთები ავტომატურად გადავიდა ახალ შპს ზე, საქონლის გადადგილება არ მომხდარა.
რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა, ეს სასაქონლო ნაშთები ზედნადებით მიაწოდონ ძველმა შპს-ებმა ახალ შპს-ს? ძველ კომპანიებს სხვადასხვა მფლობელი ჰყავს, მაგრამ ახალი კომპანიის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება, რომელთა აქციონერებია ძველი კომპანიების მფლობელები.
შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაში ბონუსებზე https://rs.ge/OrdersoftheHeadoftheRevenueService?cat=1&tab=1, დანართი №09, არის ასეთი ჩანაწერი:
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: მეორე ვარიანტში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს კორექტირების გარემოება შეფასებული აქვთ ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულ მომსახურების ოპერაციად, იმის გათვალისწინებით, რომ განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაცია სრულად იბეგრება დღგ-ით და ასევე მხარეების მიერ მომსახურების გაწევაც წარმოადგენს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ოპერაციას, აღნიშნული ოპერაციის მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება, პირველ ვარიანტთან შედარებით არ ცვლის მხარეების საგადასახადო ვალდებულებას, შესაბამისად სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით ოპერაცია გადაკვალიფიცირებას არ ექვემდებარება“.
მეორე ვარიანტის შემთხვევაში ხომ არ არის რაიმე საგადასახადო რისკი გარიგების მონაწილე როგორც A, ასევე B პირისათვის? ხომ არ გულისხმობენ, რომ შესაძლოა დღგ-ის ჩათვლა გაუუქმონ, თუ პირი ამ მეორე ვარიანტით ახორციელებს ბონუსების დაბეგვრას?
ღვინის ქარხანა ახდენს საკუთარი ლაბორატორიიდან მობრუნებული მზა პროდუქციის გახსნას და ღვინომასალის ბალანსზე აყვანას, ხოლო ბოთლების გადაყრას, ჩამოწერას საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის გარეშე. რამდენად შესაძლებელია, რომ ღვინის გახსნის დროს მიღებული მასალები ისევ ბალანსზე ავიყვანოთ, მათ შორის ბოთლიც და შემდეგ ამ ბოთლის გადაყრის დროს მოვიყვანოთ ჩამოწერის დასადასტურებლად საგადასახადოს წარმომადგენელი, ნაცვლად მზა პროდუქციის გახსნის დროს მოყვანისა?
საწარმოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გაფორმებული აქვს სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულება. კერძოდ, სადაზღვევო კომპანია პერიოდულად ახორციელებს საწარმოს თანამშრომლებზე დამდგარი (ჯანმრთელობა და სხვა) ზიანის ანაზღაურებას.
საწარმო, მისი თანამშრომლებიდან გამომდინარე, სადაზღვევოში ახდენს 2 სახის გადარიცხვას, კერძოდ:
1. თანამშრომლის დარიცხული ხელფასიდან ხდება გარკვეული თანხის ჩამოჭრა (იბეგრება გადახდის წყაროსთან), რომელსაც გადარიცხავს საწარმო სადაზღვევო კომპანიაში (პირობითად დარიცხული ხელფასი უდრის 1250 ლარს);
2. თანამშრომლის სასარგებლოდ (გარდა ხელფასისა) საწარმო საკუთარი სახსრებიდან სადაზღვევოში რიცხავს თანხებს, რაც იბეგრება გადახდის წყაროსთან.
გარკვეულ პერიოდებში საწარმოს მიერ ვერ ხერხდება სადაზღვევოში თანხის სრული ან/და ნაწილობრივ გადახდები. არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული გარემოება მოიცავს სრულ, ან არასრულ საანგარიშო თვეს ან/და ერთდროულად 2-თვიან საანგარიშო პერიოდს.
1) როდის აქვს საწარმოს, როგორც საგადასახადო აგენტს გადახდის წყაროსთან დაკავების საგადასახადო ვალდებულება?
ა) მიუხედავად სადაზღვევო კომპანიაში გადახდილი თანხებისა, თვის ბოლო დღეს, როგორც სსკ 154-ე მუხლის მიხედვით თანამშრომლებზე არაფულადი სახით განაცემი?
თუ ბ) სადაზღვევო კომპანიაში გადახდილი თანხების მიხედვით?
მაგალითად, ვთქვათ, 2021 წლის 10 მარტს, დამქირავებლის მიერ დაზღვეულ იქნა თანამშრომელი. ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს:
ა) არაუგვიანეს იმავე საანგარიშო პერიოდის (მარტი) ბოლო დღისა;
ბ) არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის (აპრილი) 10 რიცხვისა.
ორივე შემთხვევაში სადაზღვევო თანხა ანაზღაურებულ იქნა 8 აპრილს.
როდის დგება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირების ვალდებულება და რა თანხის ოდენობაზე (ანუ, თუ ჩაითვლება, რომ დაქირავებულ პირზე გადაცემული სარგებელია, უნდა მოხდეს ე.წ. „აგროსვა“)?
2) შენიშვნა: სსკ-ის 101-ე მუხლის („ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები“) მე-2 ნაწილის „თ“ პუნქტი („დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა“) ხომ არ გულისხმობს, რომ სადაზღვევო თანხის გადახდის შემთხვევაში გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მოხდება მხოლოდ გადახდილი თანხების მიხედვით და იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოხდა გადახდა? შესაბამისად, ყოველი თვის ბოლო რიცხვში სადაზღვევო კომპანიაში გადასახდელი (დარიცხული) სადაზღვევო თანხა არ ჩაითვლება როგორც თანამშრომელზე გადაცემული სარგებელი.
აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, სადაზღვევო ორგანიზაციაში გადახდილია თუ არა ყოველთვიური ფიქსირებული თანხა, თანამშრომელს აქვს უფლება მაინც ისარგებლოს დაზღვევით ნებისმიერ დროს.