„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პროვაიდერ სს „ოპპა“-სა და აგენტ/(ქვეაგენტ) შპს X-ს შორის დადებული ხელშეკრულებების პაკეტი ითვალისწინებს: ამ უკანასკნელისათვის გადახდების მიღების უფლების/აგენტის სტატუსის მინიჭებას, რომლის შესაბამისად აგენტი ხელშეკრულების ზოგადი პირობების 1.2 პუნქტის საფუძველზე საკუთარი ან პროვაიდერის პროგრამული უზრუნველყოფით, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, პროვაიდერის სახელით იღებს გადახდებს კლიენტებისაგან/გადამხდელებისაგან მიმღების სასარგებლოდ. აგენტი ვალდებულია მიღებულ/მისაღებ გადახდებზე მოახდინოს პროვაიდერთან ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
აგენტის სტატუსის გააქტიურება და უფლებამოსილების ფარგლები ასევე ითვალისწინებს აგენტის უფლებას გადახდები გადასცეს სხვა მეწარმე სუბიექტს/ქვეაგენტს.
ხელშეკრულება განსაზღვრავს გადახდების ჩამონათვალს, აგენტის კუთვნილი საკომისიოს ანაზღაურების ოდენობას და წესს. აგენტი ვალდებულია წარუდგინოს პროვაიდერს წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მასზე და მასთან დაკავშირებულ ქვეაგენტებზე.
აგენტის კუთვნილი საკომისიო შეადგენს, მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ტერმინალების საშუალებით, პროვაიდერის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდებისაგან „ოპპას“ მიერ მიღებული საკომისიოს (იმ საბანკო ან/და შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციების ხარჯების გამოკლებით, რომელიც დაკავშირებულია გადახდების შესრულებასთან) 80%-ს, რომელსაც „ოპპა“ ურიცხავს აგენტს.
ხელშეკრულების პაკეტი ასევე ითვალისწინებს: ფეიბოქსის ფეილაინის ვებ-გვერდის (www.paybox.ge) და აპლიკაციის ტექნიკური მახასიათებლების და ტრანზაქციის განხორციელების პროცესის ეტაპების ნუსხას. აქედან გამომდინარე, საიტზე/აპლიკაციაში (www.paybox.ge/Paybox Application) გადახდა ხორციელდება ორი მეთოდით: 1 – ბარათით; 2 – ბალანსით.
კითხვები მდგომარეობს შემდეგში:
1) აგენტის და ქვეაგენტის საქმიანობა სტატისტიკურ საქმიანობათა ჩამონათვალიდან რომელ კოდს შეესაბამება?
2) საგადასახადო კუთხით როგორ განიხილება დღგ-ის ჩათვლების, დღგ-ით დაბეგვრის საკითხები ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის: პროვაიდერი, აგენტი, ქვეაგენტი, როცა მათ შორის ხდება ტერმინალების, გადახდის აპარატების სათადარიგო ნაწილების, ინტერნეტის და სხვა საკომუნიკაციო კავშირების მიწოდებები?
3) როგორ განვსაზღვრო მიღებულ საკომისიო შემოსავლებზე გაწეული ხარჯები, რომლიდანაც გამოვიყვან ფინანსურ მოგებას და როგორია ის აუცილებელი ბუღალტრული გატარებები, რომელსაც გამოვიყენებ ფინანსური ანგარიშგების საწარმოებლად (reportal.ge-სთვის)?
ჩვენი კომპანია ახორციელებს შერეულ ოპერაციებს და 2020 წლის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია იყო 67%. კომპანიამ შეიძინა ახალაშენებულ კორპუსში საოფისე ფართი, რაზეც გამოწერილი იყო პირობითად:
1. მაისი 2021 წ. ავანსის ა/ფაქტურა – 100000 ლარი, მ.შ. დღგ 15254.24 ლარი. აქედან ჩავითვალე 67% – 10220.34 ლარი;
2. ივნისი 2021 წ. მიწოდების ა/ფაქტურა – 150000 ლარი, მ.შ. დღგ 22881.36 ლარი. აქედან ჩავითვალეთ სხვაობის 50000 ლარის შესაბამისი დღგ-ის 67%=5110.17 ლ. ანუ გამოწერილი დღგ იყო 22881.36 ლ. და ჩავითვალე 15330.51 ლ.
2021 წლის მონაცემებით ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია შეიცვალა და გახდა 32%, ამიტომ 2021 წლის დეკემბრის დეკლარაციაში აღვადგინე გამოწერილი ძირითადი საშუალების დღგ-ის 22881.36 ლარის 10% – 2288.13 ლ.
2022 წლის მონაცემებით ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია შეიცვალა და გახდა 12%. გვაინტერესებს:
1) სწორია თუ არა 2021 წლის დეკემბრის დეკლარაციაში ამ თანხის აღდგენა?
2) 2022 წლის დეკემბრის დეკლარაციაში ისევ გამოწერილი დღგ-ის 10% უნდა აღვადგინო?
3) თუ მომავალში პროპორცია გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? და ზრდა აუცილებლად უნდა იყოს ამ ა/ფაქტურის გამოწერის პერიოდში არსებულ 67%-იან პროპორციასთან შედარებით?
მაღაზიების ქსელურ კომპანიას, რომელიც დღგ-ის გადამხდელია და ყიდის როგორც დღგ-ით დაბეგვრად საქონელს, ასევე დღგ-ისაგან გათავისუფლებულს, სურს აამუშავოს დაგროვებითი ბარათების სისტემა. კერძოდ, მომხმარებლებს დაურიგდებათ და მათ მონაცემებზე იდენტიფიცირდება ბარათები, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაში საქონლის შეძენისას დაუგროვდებათ გარკვეული ქულები და შემდეგ შეძლებენ ამ ქულებით საქონლის შეძენას ჩვენსავე ქსელში. რა თქმა უნდა, წინასწარ იქნება გაწერილი რამდენი ლარის შეძენისას რამდენი ქულა დაერიცხებათ და ასევე ამ ქულების ღირებულებაც. მაგალითად: ფ/პირმა შეიძინა 100 ლარის პროდუქცია, რომელზეც დაერიცხა 20 ქულა და ეს 20 ქულა არის 2 ლარის ტოლფასი. ანუ მომხმარებელს შემდგომში შეუძლია ამ ქულებით შეიძინოს 2 ლარის პროდუქცია. როგორ და როდის მოხდება დაბეგვრა? და რა ბუღალტრული გატარებებია საჭირო ამ ოპერაციისთვის?
ვმუშაობთ მსს ფასს-ის მიხედვით. სიმარტივისთვის, ჩავთვალოთ, რომ მომხმარებელი ამ დარიცხულ ქულებს აუცილებლად გამოიყენებს, ანუ არგამოყენების შემთხვევები არ იარსებებს.
2017 წლის აპრილში შპს A-ს საწესდებო კაპიტალში წილი არარეზიდენტმა დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა სრულად გადასცა შპს B-ს (მის კაპიტალში შეიტანა), რომლის 100% წილის მფლობელიც თავად ეს ფიზიკური პირია.
შპს A-ს ბუღალტერიაში ნაჩვენები გვქონდა, რომ კაპიტალში მისი წილი იყო 1 მლნ UშD ანუ 1 620 000 ლარი (კაპიტალის შევსების დღის კურსით 1.62) და შესაბამისი გატარებით იგივე თანხა გადავიდა შპს B-ზე.
გვაინტერესებს, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, შპს B-მ ბუღალტრულად რომელი კურსით უნდა აღიაროს კაპიტალის შევსება – 1.62-ით, როგორც შპს A-ს ბუღალტრულ ფაილშია, თუ 2017 წლის აპრილში არსებული სავალუტო კურსით 2.41?
დავალიანების გამო ერთ-ერთი დებიტორი კომპანიის მიმართ აღსრულებაში შევიტანეთ საჩივარი. კომპანიამ ჩაგვირიცხა როგორც დავალიანების ძირი თანხის ნაწილი, ასევე ყადაღის დადებიდან ჩარიცხვამდე პირგასამტეხლოს თანხა. უნდა დავბეგროთ მიღებული პირგასამტეხლო დღგ-თი? და როგორი ბუღალტრული გატარებები ექნება?
ჩვენს სასტუმროში გვაქვს ასეთი საკითხი: როდესაც მზარეული პროდუქტებს ამუშავებს, არის ნარჩენები, რომლებიც კერძების მომზადებისთვის არ გამოიყენება. ბოსტნეულის და ხილის დამუშავებისას ეს ნარჩენები მცირე იქნება და სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება კალკულაციებში, მაგრამ, მაგალითად, ხორცი შეიძლება შეძენილ იქნას 4 კგ და ძვლების გარეშე დარჩეს 3 კგ. კერძის თვითღირებულება რომ სწორი იყოს, ეს ნარჩენები უნდა ჩამოიწეროს ნულოვანი ღირებულებით. ეს რამდენად სწორია? საგადასახადო კუთხით რომ სწორი იყოს, როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ საგადასახადოში განაცხადს გავაკეთებთ სასაქონლო მარაგების ჩამოწერაზე, ნულოვან ღირებულებას ხომ ვერ მივუთითებთ?