ვართ სადისტრიბუციო კომპანია, გვაქვს ბევრი „ქეშბექები“ და მაინტერესებს, როგორ უნდა დავარეგულირო? №11121 მენუალის საფუძველზე, გამოდის, რომ ვეღარ ჩავითვლი და შესაბამისად აღარ უნდა გამოვწერო ანგარიშ-ფაქტურა?
ახალი კომპანია იხსნება, მხოლოდ დისტრიბუციას გააკეთებს X საწარმოს ნაწარმის. ასეთი საკითხი წამოიჭრა: „X“-ს ამოსაღები აქვს ვალები დებიტორებიდან, რომელთანაც ახალი კომპანია გააგრძელებს საქონლის მიწოდებას. გადაწყდა, სამმხრივი ხელშეკრულებით, ამოსაღები ვალები გადმოვიდეს ჩვენზე (ახალ კომპანიაზე) და აქედან გაგრძელდეს თანამშრომლობა. ეს ბუღალტრულად როგორ ჩაიწერება, დ-ტი 1410 კ-ტი 8190? ახალ კომპანიას საწყისი ნაშთები აქვს 1410-ზე, ისე, რომ ჯერ მიწოდება არ განხორციელებულა. ეს გადასახადებს წარმოქმნის?
ჩვენს შპს-ს (დღგ-ის გადამხდელს) ჩაერიცხა თანხა არარეზიდენტი უცხოური საწარმოდან. ამ თანხით უნდა მოხდეს საქონლის შეძენა და გადაცემა სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან. აღნიშნული თანხიდან საქონლის შეძენის დროს გადახდილი დღგ-ის თანხა შესაძლებელია ჩაითვალოს ჩვენმა საწარმომ? გვაინტერესებს ბუღალტრული გატარებები. ჩვენს შპს-ს რამე გადასახადის გადახდა ევალება ამ შემთხვევაში, გარდა 15% მოგების გადასახადისა?
კომპანია ყიდის ავტომანქანას ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე საბაზროზე 5%-ით ნაკლებ ფასში. დაიბეგრება თუ არა მოგების გადასახადით? რა გატარებები იქნება მოგების გადასახადით დაბეგვრის შემთხვევაში?
ჩვენი საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და შემდგომ ბინების რეალიზაცია. საწყის ეტაპზე ხორციელდება მყიდველთან წინარე ხელშეკრულების მომზადება და მოცემულ ფართზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია, ხოლო მეორე ეტაპზე მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში ფორმდება ძირითადი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება. გვესაჭიროება თქვენი მოსაზრება დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართი) მიწოდების დღგ-ით დაბეგვრის პერიოდთან დაკავშირებით. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მყიდველების მიერ ე.წ. „გრაფიკით“ თანხების გადახდისას, ვბეგრავთ როგორც ავანსებად მიღებულ თანხებს.
თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს უძრავი ქონების (საქონელი) მიწოდებად „მომავალი“ მესაკუთრეების კომუნალური გადასახადების გადამხდელებად რეგისტრაცია ან ამ ფართის სარგებლობაში გადაცემა, მაშინ როცა ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ მთლიანად არ არის შესრულებული წინარე ხელშეკრულებაში მითითებული პირობა თანხის გადახდის შესახებ (გამოვდივართ სსკ 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, რომლის მიხედვით „უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე – ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი“).
რაც შეეხება მომავალი მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი ფართით სარგებლობას, ეს შეიძლება ჩაითვალოს უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდებად (იჯარად), რომელიც თავის მხრივ წარმოშობს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, მაგრამ ეს არ არის საქონლის მიწოდება, ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ორმხრივად ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მიდგომა ამ არცთუ ისე „პატარა“ პრობლემასთან დაკავშირებით.
აგრეთვე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესასვლელი დღგ-ის ახალი რეგულაციების ერთი ნაწილი უკვე არეგულირებს ამ საკითხს, სადაც დაბეგვრის დროდ აღიარებულია უძრავი ქონების ფაქტიური გადაცემა.