შპს-ს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ალკოჰოლური სასმელების წარმოება, 2016-2018 წლებში ფარმაცევტული წარმოებისთვის გადაცემულ ეთილირებულ სპირტზე (კოდი 22071) დაარიცხეს აქციზის გადასახადი და დღგ. შპს-ს აქვს ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამსახურებიდან ანტისეპტიკური ხსნარის ჩამოსხმაზე. რამდენად კანონიერია აღნიშნული ქმედება (დარიცხვა)?
ქარხნიდან ფიზიკურ პირზე გავყიდეთ ღვინო სითხის სახით, რამდენიმე ტონა. მყიდველს არ სურდა ზედნადების გამოწერა და არ გამოგვიწერია. ღვინო ჩვენ არ მიგვიწოდებია, ტრანსპორტირება მან განახორციელა. მაინტერესებს, ჩვენი კომპანიის მხრიდან ეს ქმედება თუ არის დარღვევა და საგადასახადოს მიერ შემოწმების შემთხვევაში თუ გამოიწვევს დაჯარიმებას სსკ 286-ე ან სხვა მუხლით?
286-ე მუხლში წერია, რომ პირი ჯარიმდება მყიდველის მიერ სასაქონლო ზედნადების მოთხოვნისას, ჩვენს შემთხვევაში კი მყიდველს ზედნადები არ მოუთხოვია.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გვიწევს მომსახურებას, კერძოდ, თავისი ტრაქტორით სავენახე მიწის მოსწორების სამუშაოებს. საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ?
შპს „X“ ფლობს სასტუმროს და ასევე აშენებს ბინებს გასაყიდად. სასტუმროსთვის სტუმრების მოსაზიდად და ასევე ბინების გაყიდვების ხელშეწყობისათვის შპს „X“ ურთიერთობს ისრაელის რეზიდენტ ორ იურიდიულ პირთან. ორივე არარეზიდენტი უწევს საშუამავლო მომსახურებას, ოღონდ სხვადასხვა სახით. ერთი არის ვებგვერდი, რომელზე წვდომა საქართველოდანაც არის შესაძლებელი, ხოლო მეორე – არ არის ვებგვერდი. საშუამავლო მომსახურება შემდეგი სახით გაიწევა:
1) სასტუმროს შემთხვევაში (არარეზიდენტი ვებგვერდი): მომავალი სტუმარი შედის ვებგვერდზე და იქ ყიდულობს ნომერს, ანუ ფულს ვებგვერდს უხდის. შემდეგ ვებგვერდი იტოვებს თავის საკომისიოს და დარჩენილ თანხას ურიცხავს შპს „X“-ს.
2) ბინების გაყიდვის შემთხვევაში: არარეზიდენტი (რომელიც ვებგვერდი არაა) აყიდინებთ ბინებს და იღებს საკომისიოს 5 პროცენტს ბინის ღირებულებიდან. თუ ზედმეტ ფასში გაყიდა – ნამეტი თანხის 70 პროცენტია საკომისიო.
ორივე არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, მათი გაწეული მომსახურებები როგორ დაიბეგრება, როგორც სასტუმროს ნომრების, ასევე ბინების გაყიდვის შემთხვევაში?
შპს-ის კაპიტალში ჩადებული აქვს შენობა, მაშინდელი ღირებულებით 7000 ლარი. 2008 წელს, როცა შენობის ნარჩენი ღირებულება შემცირდა (4000 ლარი გახდა), შპს-მ თვითონვე ააფასა 15000 ლარამდე. ამის შემდეგ გადაფასება არ გამოყენებულა და ცვეთის გამო 2018 წლის ბოლოს ნარჩენი ღირებულება გახდა 7500 ლარი.
2008 წელს შენობის აფასებამ წარმოშვა თანხა ანგარიშზე „ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი“ (ანგარიში 5420).
შენობა აშენებულია 2000 წლამდე. ცვეთის მეთოდი არჩეულია წრფივი. საწარმო მე-4 კატეგორიისაა. გთხოვთ, გამარკვიოთ შემდეგ საკითხებში:
1) აუცილებელია თუ არა შენობა ავაფასო აუდიტის გარეშე იმ საბაზრო ფასამდე, რა ფასიც იყო სტანდარტზე გადასვლის თარიღისათვის (01.01.2018 წ) და შემდეგ 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია დავაზუსტო?
2) ამ შემთხვევაში (დამოუკიდებლად აფასება) საბაზრო ღირებულების გამოსაანგარიშებლად რა წყაროთი უნდა ვიხელმძღვანელო: MyMarket.ge ან სხვა სარეკლამო განცხადებების საიტით, თუ არსებობს რაიმე სხვა სარეკომენდაციო წყარო ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში?
3) თუკი აფასება შპს-მ დამოუკიდებლად, აუდიტის გარეშე მოახდინა, ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ფასი რეალურად საბაზრო ფასია, ქონების გადასახადის მიზნებისათვის მაინც უნდა გამოვიყენო ნარჩენი ღირებულების კოეფიციენტზე გამრავლება? (ვგულისხმობ სსკ 202-ე მუხლის პირველ პუნქტს და „მენუალს“ №1414).
რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან? აუდიტს რომ შევაფასებინო, შემდეგ ყოველ წელს დამჭირდება აუდიტის მიერ შეფასება?
4) ის ფაქტი, რომ საწარმომ აფასების მეთოდი ერთხელ, 2008 წელს გამოიყენა, ხომ არ ნიშნავს, რომ მან ყოველ წელს უნდა ააფასოს ძს, წლის ბოლოს მისი ნარჩენი ღირებულებიდან საბაზრო ფასამდე? თუ ველოდები ცვეთით ნარჩენი ღირებულების სრულ განულებას?
მე-4 კატეგორიის საწარმოთა სტანდარტის 7.11 მუხლი ამბობს, რომ „საწარმომ გრძელვადიანი აქტივი თავდაპირველი აღიარების შემდეგ უნდა შეაფასოს თვითღირებულებით, რომელსაც აკლდება დაგროვილი ცვეთა/ამორტიზაცია...“. ეს მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ თვითღირებულების მოდელი უნდა გამოვიყენო და ყოველწლიურად არ უნდა გადავაფასო ნარჩენი ღირებულების სრულ განულებამდე. თუ მეშლება, გთხოვთ, შემისწოროთ.
5) ერთ-ერთი ძირითადი საშუალება (ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა) სრულად გაცვდა 2018 წელს, მაგრამ მაინც გამოიყენება. უნდა ავაფასო თუ არა ის სტანდარტზე გადასვლის თარიღისათვის (01.01.2018 წ.) და თუკი უნდა ავაფასო, მაშინ – შეძენის ღირებულებამდე თუ სავარაუდო სარეალიზაციო ღირებულებამდე?