ორმა ფიზიკურმა პირმა საქართველოში დააფუძნა საწარმო „ა“ და მასში საბრუნავი სახსრების შესავსებად შეიტანა თანხა სესხად. თითოეულმა ასესხა 2,5 მლნ ლარი, სულ სესხის სახით კომპანიაში შევიდა 5 მლნ ლარი. სესხზე პროცენტი არ ერიცხება, თუმცა ეს თანხა სესხად აღირიცხება.
ცოტა ხანში კომპანია „ა“-მ დამოუკიდებელი პირისგან შეიძინა კომპანია „ბ“-ს 100% წილი 2 მლნ ლარად. კომპანია „ბ“-ს ბალანსი შეძენის მომენტში შედგებოდა სულ ორი სიდიდისგან: დ-ტი მიწა, კ-ტი კაპიტალი − 2 მლნ ლარი, ანუ ეს „ბ“ კომპანია ფლობდა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს და სწორედ ამ მიწის ნაკვეთის მიღების მიზნით იყიდა ის კომპანია „ა“-მ. სიმარტივისთვის მიწის ნაკვეთის და წილის ფასი ემთხვევა ერთმანეთს.
კიდევ ცოტა ხანში კომპანია „ა“-მ, კვლავ დამოუკიდებელი მხარისგან, შეიძინა სხვა მიწის ნაკვეთი 1 მლნ. ლარად. ამის შემდეგ კომპანია „ა“-მ ეს ცალკე ნაყიდი მიწის ნაკვეთი იმავე 1 მლნ ლარად შეიტანა კომპანია „ბ“-ს კაპიტალში. ანუ მივიღეთ მოცემულობა, რომ „ა“ ფლობს „ბ“-ს 100%-ს, ხოლო „ბ“ ფლობს 2 მიწის ნაკვეთს და ამ უკანასკნელის ბალანსი ამგვარად გამოიყურება:
დ-ტი მიწები კ-ტი კაპიტალი − 3 მლნ ლარი.
ამის შემდეგ კომპანია „ა“-მ კომპანია „ბ“-ს 100%-ის წილი 3 მლნ ლარად მიჰყიდა თავის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს და სავაჭრო მოთხოვნა გაუქვითა მათდამი სასესხო ვალდებულებაში. ამ მომენტიდან მივიღეთ მოცემულობა, რომ ორი ფიზიკური პირი პირდაპირ ფლობს ცალკე კომპანია „ა“-ს და ცალკე კომპანია „ბ“-ს.
ამ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ თუ არა კომპანია „ბ“-დან ამოიღონ მიწის ნაკვეთი პირად საკუთრებაში კაპიტალის შემცირების ხარჯზე? ანუ, მიუხედავად იმისა, რომ „ბ“-ს კაპიტალში ამ ფიზიკურ პირებს პირდაპირი შენატანი არ განუხორციელებიათ, შეუძლიათ თუ არა მათ ამ კაპიტალის შემცირება და აქტივების გატანა დაუბეგრავად? გატანილი აქტივების ღირებულება არ აჭარბებს კომპანიის კაპიტალს.
სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ამ კომპანიებს სხვა ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ყველა ეს ოპერაცია ხორციელდება დროის მოკლე მონაკვეთში, რა დროსაც მიწისა თუ წილების საბაზრო ფასები დიდად არ მერყეობდა.
2023 წლის აგვისტოს თვემდე ვთანამშრომლობდით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელიც გვიწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. აგვისტოს თვიდან პარკირების საკითხი გადაეცა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს.
პარკირების საფასურის გადახდა ხდება სააგენტოს ვებგვერდიდან.
ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, „ცხელ ხაზზე“ სხვადასხვა პასუხი გაგვცეს:
1. კერძო კომპანიებთან არ ფორმდება ხელშეკრულება, ნორმატიული აქტით არის დადგენილება მიღებული და მხოლოდ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიც საკმარისია;
2. განაცხადი უნდა გავაკეთოთ My.gov.ge-დან და გამოგვეგზავნება ელ. ხელშეკრულება;
3. განაცხადი უნდა დავარეგისტრიროთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.
თქვენ ხომ არ გაქვთ რამე პრაქტიკა აღნიშნულთან დაკავშირებით?
ასეთი სიტუაცია გვაქვს:
- შემოსავლების სამსახურმა დანიშნა კამერალური შემოწმება;
- შედგა შემოწმების აქტი. ეს აქტი გავასაჩივრეთ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში;
- შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ დაავალა აუდიტის დეპარტამენტს ერთი სადავო საკითხის გადაანგარიშება. იმავდროულად, მეორე სადავო საკითხზე გვითხრეს უარი.
ვაპირებთ გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
თუ შეგიძლია მოგვცეთ რჩევა, რა ფორმით ხდება ამ პროცესის წარმართვა?
ჩვენს კომპანიას დაგეგმილი აქვს ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი კომპანიისთვის საახალწლო საჩუქრების გაგზავნა. ეს პარტნიორები ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ:
- კომერციული პარტნიორები: ჩვენი კორპორაციული კლიენტები, რომელთაც ვუწევთ მომსახურებას, ასევე ჩვენი პარტნიორები, რომელთან ერთადაც ვქმნით ზოგიერთ კომერციულ პროდუქტს;
- სხვა პარტნიორები, რომლებიც ჩვენს კომპანიას აწვდიან სხვადასხვა სახის მომსახურებას, მოწყობილობებს, საქონელს და ა.შ.
საჩუქრები სხვადასხვა შინაარსის შეიძლება იყოს და განსხვავებული იქნება მათი ფასიც. ზოგი მათგანი შეფუთული იქნება ბრენდირებული სტიკერებითაც. არცერთი ასეთი საჩუქრის მწარმოებელი ჩვენი კომპანია არ არის, ანუ ვიყიდით, ზოგიერთს შევფუთავთ და ისე გავაგზავნით.
გვაქვს შემდეგი კითხვები:
1) უნდა დაიბეგროს გადასახადებით ასეთი სახის გაცემული საჩუქრები იურიდიულ პირებზე? თუ კი, მაშინ რომელი გადასახადებით?
2) უნდა დაიბეგროს გადასახადებით ასეთი სახის გაცემული საჩუქრები ფიზიკურ პირებზე? თუ კი, მაშინ რომელი გადასახადებით?
3) საჩუქრის შინაარსზე და ფასზე თუ არის დამოკიდებული დაბეგვრის საკითხი? ანუ, 50 ლარამდე ღირებულების საჩუქარს გავაგზავნით თუ 1000 ლარის, ამას აქვს მნიშვნელობა დაბეგვრის მიზნებისთვის?
4) როგორია მიღებული საგადასახადო პრაქტიკა ამ საკითხებზე?
ჩვენ (საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რეზიდენტი იურიდიული პირი და ევროპელი პარტნიორი ფიზიკური პირები) ვართ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული რამდენიმე შპს-ის მფლობელები. დირექტორი ყველა ამ კომპანიაში არის საქართველოს რეზიდენტი არაინდმეწარმე ფიზიკური პირი „გ“, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. აქციონერები დავპირდით მას, რომ კაპიტალის დაბრუნების შემდეგ „გ“-ს გადაეცემოდა ჩვენს კომპანიებში 10%-იანი წილი. ვინაიდან ჩადებულ კაპიტალს, დაბრუნების მაგივრად, ვამატებთ ხოლმე (პროექტის გაფართოების გამო), „გ“-ის მოტივაციის შესანარჩუნებლად გადავწყვიტეთ, არ დაველოთ კაპიტალის ამოღებას და უკვე დავაფიქსიროთ მისი პარტნიორული მონაწილეობა ჩვენს კომპანიებში. ამიტომ ვიფიქრეთ, უკეთესი იქნება გავანულოთ კაპიტალი და შემცირებული კაპიტალის თანხა დამფუძნებლების სესხად მივცეთ ამ კომპანიებს. ამ შემთხვევაში „გ“ შემოვიდოდა მოწილედ ნომინალში ნულოვან კომპანიაში და „საჩუქარი“ ნაკლებად იქნებოდა დასაბეგრი. ასევე, ამ ფორმით უფრო გასაგები იქნებოდა დაბანდებული თანხის ერთობლივად ყველა აქციონერის მიერ დაბრუნების პროცესი და შემდგომი მონაწილეობა დივიდენდების განაწილებაში. გვესმის, რომ „გ“-სთვის ფაქტობრივად მატერიალურად არაფერი იცვლება (გარდა „საჩუქრის“ შესაძლო დაბეგვრისა), მაგრამ ვფიქრობთ, ასეთი ცვლილება მისთვის ფსიქოლოგიურად სასარგებლო იქნება.
წილები საკუთრებაში აქციონერებს 2 წელზე მეტი აქვთ და მათ ალბათ არ ემუქრებათ დაბეგვრა ამ წილების გაყიდვის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენს სიტუაციაში აქციონერები არც იღებენ შემოსავალს, პირიქით, გასცემენ წილს უფასოდ. უნდა დაიბეგროს თუ არა „გ“ როგორც შემოსავლის მიმღები? არის თუ არა პრაქტიკაში ამგვარ გარიგებებზე არამეწარმე ფიზიკური პირების საგადასახადო შემოწმებები? ყოველი შემთხვევისთვის, კაპიტალის განულების მეშვეობით დასაბეგრი თანხის შემცირების იდეა თუ არის გამართლებული?