კითხვა

2024/01

შპს-მ (რომელიც არ არის სალიზინგო კომპანია, ანუ კომპანიის გასულ წელს ამ სახით მიღებული შემოსავლები არ შეადგენს მისი მთლიანი შემოსავლის 70%-ს) 2024 წლის იანვარში 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტად გაყიდა ტრაქტორი ხუთწლიანი განვადების ხელშეკრულებით (ტექნიკა საკუთრებაში გადაეცა მყიდველს). 1. რა ბუღალტრული გატარებებია ამ დროს? 2. რა ღირებულება იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში? 3. დისკონტირების შემთხვევაში როგორ ხდება საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა? 4. რა შედეგი დადგება, თუ კლიენტმა დავალიანება სრულად დაფარა ორი ან სამი წლის შემდეგ? 5. რა განსხვავება დგება დაბეგვრის კუთხით ზემოთ აღწერილ მოცემულობასა და სალიზინგო კომპანიის მიერ განხორციელებული იგივე ოპერაციის შემთხვევაში?

პასუხი

1) განვადებით (თუნდაც 5-წლიანი გადავადებით) საქონლის გაყიდვა არ არის ლიზინგი. ეს არის გაყიდვა, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი აღიარდება ამონაგებში, ხოლო გაყიდული საქონელი ჩამოიწერება და მისი თვითღირებულება მიეკუთვნება ხარჯებს. თუ არ ხდება მისაღები დებიტორული დავალიანების დისკონტირება, მაშინ ბუღალტრული გატარებები ჩვეულებრივია. მაგალითად, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია:
დ-ტი 1410 კ-ტი 6110 1.18*X (გასაყიდი ფასი დღგ-ის ჩათვლით=100000 აშშ დოლარი ეკვივალენტში ლარში);
დ-ტი 6110 კ-ტი 3330 G (=X*18% – დარიცხული დღგ-ის თანხა);
დ-ტი 6110 კ-ტი 1610 T (=გაყიდული საქონლის თვითღირებულება).
დისკონტირებული დებიტორული დავალიანების შემთხვევაში ბუღალტრული გატარებები მოყვანილია ქვემოთ.
2) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში უნდა ჩაიწეროს გაყიდვის ფასი (ანუ, 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში) იმ დღის სავალუტო კურსის მიხედვით, როცა მოხდა ტრაქტორის საკუთრებაში გადასვლა. აქ ვგულისხმობთ, რომ მყიდველის მიერ ავანსი არ გადახდილა.
3) ფინანსური აღრიცხვის მიზნებისათვის, ამონაგები უნდა აღიარდეს მისაღები თანხების დღევანდელი დისკონტირებული ღირებულებით (აღვნიშნოთ D-თი), რა დროსაც გამოიყენება ან სესხებით სარგებლობის საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, ან ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთი. პირველი სიდიდე წარმოადგენს სააღრიცხვო შეფასებას და მისი ზუსტად განსაზღვრის „რეცეპტი“ არ არსებობს. წესით, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ის უნდა დადგინდეს პროფესიული განსჯის გზით, მაგრამ პრაქტიკაში, ძირითადად სარგებლობენ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციით, რომელიც თვეში ერთხელ ახლდება. მეორე სიდიდეც შეფასებითია და დაითვლება იმ რეალური ფასის გამოყენებით, რა ფასადაც გაიყიდებოდა ეს საქონელი გაყიდვის მომენტში, განვადება რომ არ გამოყენებულიყო.
ამ შემთხვევაში ბუღალტრული გატარებები მიიღებს სახეს (სიმარტივისთვის, აქ დღგ-ს, ასევე მოთხოვნის მოკლევადიან და გრძელვადიან ნაწილებად დაყოფას უგულებელვყოფთ):
დ-ტი 1410 კ-ტი 6110 D(=დისკონტირებული გასაყიდი ფასი დღგ-ის ჩათვლით);
დ-ტი 6110 კ-ტი 1610 T(=გაყიდული საქონლის თვითღირებულება);
დ-ტი 1410 კ-ტი 8110 Pi (ყოველი i-ური წლის ბოლოს, მისაღები პროცენტი დისკონტირების გზით გაანგარიშებული) ისე, რომ D+P1+P2+P3+P4+P5=X.
4) თუ მოცემულ შემთხვევაში საქონლის განვადებით მყიდველმა 2 ან 3 წლის შემდეგ, ანუ ვადაზე ადრე დაფარა საფასური, სხვაობა შემოსულ თანხასა და იმ დროისთვის არსებულ დებიტორული დავალიანების დისკონტირებულ თანხას შორის აღიარდება საპროცენტო შემოსავლად (ფინანსური აღრიცხვის მიზნებისათვის) იმ წელს, როდესაც საფასური დაიფარა. ეს შეცდომის გასწორება არ არის, ამიტომ რეტროსპექტული გადაანგარიშება არ მოხდება.
5) საქონლის განვადებით გაყიდვასა და ლიზინგით გადაცემას შორის მნიშვნელოვანი სხვაობებია. კერძოდ, ლიზინგით გადაცემის დროს გადამცემი საწარმო ინარჩუნებს მასზე საკუთრების უფლებას, მაგრამ ამის მიუხედავად, დღგ-ით დაბეგვრის მიზნით, სსკ 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ის მაინც ითვლება საქონლის მიწოდებად, თუ ლიზინგის ხელშეკრულებით გამოსყიდვის პირობა გათვალისწინებულია. დღგ-ით დაბეგვრისას, არის ასეთი არსებითი სხვაობა განვადებით გაყიდვასა და ლიზინგით გადაცემას (გამოსყიდვის პირობით) შორის: სსკ 164-ე მუხლის „დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას“ მე-5 ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით, „5. დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება:...
) ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელიამ კოდექსის 160- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის ლიზინგით მიწოდებისას“.
თუ ლიზინგი არ შეიცავს გამოსყიდვის პირობას, მაგრამ სხვა მხრივ შინაარსობრივად ის მაინც ლიზინგია, მაშინ ეს საგადასახადო თვალსაზრისით მომსახურებაა და სალიზინგო გადახდელი თანხები (სრული ოდენობიდან) დაიბეგრება დღგ-ით ყოველთვიურად (თუ ლიზინგით გამცემი – დღგ-ის გადამხდელია) გარდა სსკ 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის შემთხვევისა: „1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია:...
კ) იმ საქონლის ლიზინგი, რომლის მიწოდება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშეა გათავისუფლებული“.

უკან დაბრუნება