საწარმომ, რომელიც 10 წელია, არ მუშაობს, მიმდინარე წელს გაყიდა ქონება. ამონაგები წლის ბოლოს შეუერთდებოდა სხვა შემოსავალს დაბეგვრის მიზნით, თუკი ასეთი იქნებოდა, მაგრამ ცხადია არ იქნება. დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მოგების განაწილება წინასწარ, ჩაბარდა ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაცია და გადავიხადეთ გადასახადები. ეს შეცდომა ხომ არ არის და სანქციებს ხომ არ გამოიწვევს, ან როგორ გამოვასწოროთ?
იმისათვის, რომ მოხდეს მოგების განაწილება, პირველ რიგში ეს მოგება უნდა არსებობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმოს წლიური ან შუალედური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მას უნდა ერიცხებოდეს მოგება (გაუნაწილებელი მოგება/ზარალის ნაშთი პლუს მიმდინარე პერიოდის მოგება). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 32-ე მუხლის თანახმად:„მუხლი 31. დივიდენდის მიღების უფლება
1. ამ კანონით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სამეწარმეო საზოგადოების მოგების/ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე პარტნიორს უფლება აქვს, მიიღოს წლიური ან შუალედური დივიდენდი“.
„მუხლი 32. გაცემული დივიდენდის დაბრუნება
დაუშვებელია გაცემული დივიდენდის დაბრუნების მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დივიდენდის მიმღებმა პარტნიორმა მისი მიღებისას იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ დივიდენდის განაწილებისას დაირღვა კანონით ან წესდებით დადგენილი ნორმები“.
თუმცა, ამავე კანონით დაწესებულია შეზღუდვებიც მოგების განაწილებაზე (დივიდენდების გაცემაზე):
„მუხლი 33. დივიდენდის გაცემის შეზღუდვა
სამეწარმეო საზოგადოებას არ აქვს უფლება, გასცეს დივიდენდი, თუ ეს სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობას გამოიწვევს“.„მუხლი 145. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის განაწილება
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ფინანსური ანგარიშგების მონაცემების გათვალისწინებით ამზადებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებას და მას პარტნიორებს წარუდგენს. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორებს დივიდენდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებასთან ერთად წარუდგინოს განცხადება საზოგადოების გადახდისუნარიანობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილების დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ეს საზოგადოება შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას...
5. განთავსებული კაპიტალის შემცირების შემთხვევაში დაუშვებელია განთავსებული კაპიტალის გამოთავისუფლებული ოდენობით დივიდენდის განაწილება განთავსებული კაპიტალის შემცირების თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 169-ე მუხლი.
6. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია იმის ალბათობა, რომ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. დაუშვებელია აგრეთვე რეზერვების განაწილება, თუ ეს აკრძალულია კანონით ან წესდებით...
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტნიორი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული დივიდენდი/საზღაური, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა დივიდენდის განაწილების ან დივიდენდის/საზღაურის მიღების დაუშვებლობის შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელმძღვანელი პირი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე“.
„მუხლი 181. სააქციო საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის წესი
1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შუალედური ან წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით, კანონით დადგენილი წესით მიიღოს განთავსებულ აქციებზე დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) დივიდენდის განაწილებამდე ან დივიდენდის განაწილების შედეგად სააქციო საზოგადოების ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული წმინდა აქტივის ოდენობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე განთავსებული კაპიტალის ოდენობა და კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ოდენობა, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია;
ბ) გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა აღემატება ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ, ხოლო შუალედური დივიდენდის შემთხვევაში − ბოლო ფინანსური ანგარიშგების შედგენის შემდეგ მიღებულ, სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებისთვის წინა წლების გაუნაწილებელი მოგებისა და თავისუფალი რეზერვებიდან გამოთავისუფლებული სახსრების დამატებით და წინა წლების დაუფარავი ზარალისა და კანონით ან წესდებით დადგენილ რეზერვებში გადასარიცხი თანხების გამოკლებით მიღებულ ოდენობაზე;
გ) დივიდენდის გადახდის დღისთვის ან დივიდენდის გადახდის შედეგად სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება“.
მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში, იმისათვის, რომ შეფასდეს, მართლზომიერად მოხდა თუ არა მოგების განაწილება ამ საწარმოში, რომელიც ქონების გაყიდვამდე 10 წელი არ მუშაობდა, უნდა ვიცოდეთ, ჰქონდა თუ არა მას საკმარისი ოდენობით მოგების ნაშთი (გაუნაწილებელი მოგების ნაშთი პლუს მიმდინარე პერიოდის მოგება) და ხომ არ დაირღვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რომელიმე ზემოაღნიშნული შეზღუდვა.
აღვნიშნავთ ასევე, შუალედური მოგების განაწილებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ საანგარიშგებო წლის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რომ წლის საბოლოო ფინანსური შედეგებით კომპანიას არ აღმოაჩნდა იმდენი მოგება, რამდენიც მან უკვე გაანაწილა წლის დასრულებამდე, მაშინ საგადასახადო თვალსაზრისით, გაცემული დივიდენდები გადაკვალიფიცირდება ხელფასად, ჩუქებად ან სესხად, რაც უფრო შესაფერისია კონკრეტული ვითარებისათვის. ანუ, დაბეგვრა შეიცვლება და ამ შემთხვევაში მოგების განაწილების თვეში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები უნდა დაზუსტდეს.