კითხვა

2024/07

წარმოვადგენთ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. გერმანიაში გვაქვს გახსნილი ფილიალი. პერიოდულად, ვინაიდან ფილიალს სჭირდება ფული ხარჯების მიხედვით (რომელთა მიზნობრიობა დოკუმენტურად დასტურდება), ხდება ჩვენ მიერ ფილიალის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. ჩაითვლება თუ არა ჩვენი ფილიალი როგორც არარეზიდენტი პირი და მასზე გადარიცხული თანხები, რომლითაც ხდება იქ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას მოგების გადასახადით (ხომ არ განიხილება სესხად, კაპიტალში შეტანად ან/და ჩუქებად)?

პასუხი

იმ კომპანიებისათვის, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ესტონური მოდელის მიხედვით, მოქმედებს სსკ 982 მუხლის მე-3 ნაწილის პუნქტი:
„3. მოგების გადასახადით იბეგრება:...
) არარეზიდენტის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანი ან აქციის/წილის (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციისა/წილისა) შესაძენად განხორციელებული გადახდა.
აღნიშნული დებულება თქვენს შემთხვევაზე ვერ გავრცელდება შემდეგი მიზეზების გამო:
კომპანიის ფილიალიარ არის სხვა იურიდიული პირი, ის ამ კომპანიის ნაწილია. ამიტომ შეუძლებელია სათაო ოფისსა და მის ფილიალს შორის არსებობდეს სასესხო ურთიერთობები (აქ არ ვგულისხმობთ შიდა აღრიცხვას მმართველობითი მიზნებისთვის). იმავე მიზეზის გამო, ჩუქებაც შეუძლებელია მათ შორის (ეს იგივეა, საკუთარ თავს მისცეთ საჩუქარი).
ფილიალისთვის გადარიცხული თანხა ვერც მის კაპიტალში შენატანი იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფილიალს კაპიტალი არ აქვს. სათაო კომპანიისგან მიღებული დაფინანსება კაპიტალში შენატანი არ არის, ის შიდა გადარიცხვაა ერთი იურიდიული პირის ორ სტრუქტურულ ერთეულს შორის.
ამ მიზეზების გამო, თქვენ მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული ფილიალისთვის გადარიცხული თანხები მოგების გადასახადით არ დაიბეგრება.
თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რადგან ეს ფაქტობრივად წარმოადგენს გადარიცხვას ერთი იურიდიული პირის ორ სტრუქტურულ ერთეულს შორის, ფილიალის მიერ ამ თანხების შემდგომმა გახარჯვამ შეიძლება წარმოშვას მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხები. მაგალითად, თუ თქვენ დაბეგვრის ესტონურ მოდელზე არმყოფ ორგანიზაციას გაუწიეთ საქველმოქმედო დახმარება და შესაბამისი თანხა ფილიალიდან გადარიცხეთ, ეს უნდა დაბეგროთ მოგების გადასახადით სსკ 983 მუხლის დებულებების მიხედვით. შესაბამისად, თქვენ მზად უნდა იყოთ, წარუდგინოთ გერმანიის ფილიალის ხარჯების მიზნობრიობა და დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოს გადამოწმების მიზნით, მათი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

უკან დაბრუნება