„ესტონურ მოდელზე“ მყოფი კომპანიისთვის, რომელიც სარემონტო-საინჟინრო სამუშაოებით არის დაკავებული, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებით წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმატივის დადგენისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს თუ არა გაცემულ სესხებზე და საბანკო დეპოზიტებზე/ანაბრებზე დარიცხული პროცენტები?
სსკ 984 მუხლის „წარმომადგენლობითი ხარჯების დაბეგვრა“ მე-2 ნაწილის თანახმად:
„2. ამ კოდექსის 97-ე მუხლის მიზნებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი“.
თუ რა იგულისხმება „შემოსავალში“, ამ მუხლში არ წერია, ამიტომ უნდა მივმართოთ ამ ტერმინის განმარტებას, რომელიც მოყვანილია საგადასახადო კოდექსის II თავში „ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები“. კერძოდ, მე-8 მუხლის 44-ე პუნქტი მოცემულია ასეთი განმარტება:
„44. შემოსავალი – შემოსავალი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.
რადგან აქ მეტი კონკრეტიკა მოცემული არის, უნდა დავეყრდნოთ შემოსავლის ზოგად განმარტებას, რომელიც მოცემულია როგორც მსს ფასს-ში (მე-2 განყოფილებაში), ასევე სრულ ფასს-ებში („ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალურ საფუძვლებში“). ასე მაგალითად, მსს ფასს-ის 2.25 მუხლის მიხედვით:
„2.25. შემოსავლის ცნება მოიცავს ამონაგებსა და შემოსულობას:
(ა) ამონაგები არის შემოსავალი, რომელიც წარმოიქმნება საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში და ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით, მაგალითად: ამონაგები საქონლის გაყიდვიდან, ამონაგები მომსახურების გაწევიდან, პროცენტი, დივიდენდები, როიალტი და საიჯარო ქირა;
(ბ) შემოსულობა გულისხმობს სხვა მუხლებს, რომლებიც აკმაყოფილებს შემოსავლის განმარტებას, მაგრამ არ წარმოადგენს ამონაგებს“.
ასევე, „ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების“ 4.68 მუხლის მიხედვით:
„4.68. შემოსავალი არის აქტივების ზრდა ან ვალდებულებების შემცირება, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას, რომელიც დაკავშირებული არაა წილობრივი მოთხოვნების მფლობელთა მიერ საკუთარ კაპიტალში განხორციელებულ დამატებით შენატანებთან“.
ანალოგიური განმარტებაა მოცემული ასევე მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის 2.12 მუხლში.
შესაბამისად, ვინაიდან აშკარაა, რომ როგორც გაცემულ სესხებზე, ასევე საბანკო დეპოზიტზე/ანაბრებზე დარიცხული პროცენტები აკმაყოფილებენ შემოსავლის განმარტებას, ამიტომ ისინი გათვალისწინებული უნდა იქნეს სსკ 984 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული ზღვრული ნორმის გაანგარიშების დროს.