საშემოსავლო გადასახადით სამშენებლო სამუშაოების დაბეგვრის წესი, რაც შეიცვალა მცირე ბიზნესის მეწარმეებზე, ტექნიკის იჯარაზეც უნდა გავრცელდეს თუ არა?
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 29.12.2010 წ. №415 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც 1 თებერვლიდან ამოქმედდა, დანართ №5-ს („შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში") დაემატა შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის" 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი".
ამგვარად, ეს შეზღუდვა ეხება სეკ 006-2016 კლასიფიკატორის 41.2 ჯგუფს და 42-ე და 43 განყოფილებებით გათვალისწინებულ მომსახურებას.
როგორც სეკ 006-2016 კლასიფიკატორის სექცია F-ის შესავალშია აღნიშნული, „სამშენებლო მოწყობილობების იჯარა ოპერატორთან ერთად კლასიფიცირდება როგორც სამშენებლო სამუშაოების სპეციფიკური სახეობა, რომელიც სრულდება მოცემული მოწყობილობებით"! ეს გადის 43.99.1 მუხლში „სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების იჯარა ოპერატორთან ერთად".
იგივეა აღნიშნული 43.99.9 მუხლშიც.
შესაბამისად, თუ ტექნიკის მეიჯარე თავადვე ასრულებს ამ ტექნიკის მეშვეობით განხორციელებულ სამუშაოებს, მაშინ მასზე ზემოაღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება.
თუ იჯარით აღებული ტექნიკა მეიჯარის მომსახურების გარეშე გამოიყენება, მაშინ ეს არ ხვდება 43-ე განყოფილებაში, რადგან 43.99.1 მუხლში დამატებით აღნიშნულია:
„ეს ქვეკლასი არ შეიცავს: სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების იჯარას ოპერატორის გარეშე, იხ. 77.32.0".
აღვნიშნავთ ასევე, რომ „სატვირთო ავტომობილების იჯარა მძღოლთან ერთად" მიეკუთვნება კლასიფიკატორის 49.41.0 მუხლს.
მაგრამ, ტექნიკის მეიჯარეები მაინც ვერ დაიბეგრებიან როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, რადგან საქართველოს მთავრობის 29.12.2010 წ. №415 დადგენილების №5 დანართში პირდაპირ აღნიშნულია:
„შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში
1. ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა"...