კითხვა

2025/03

როგორც მახსოვს, საწარმოს რეორგანიზაცისას დღგ-ით დაბეგვრა არ ხდება. ჩვენს შემთხვევაში, შპს-ს გამოეყოფა ახალი შპს და გამოყოფილ კომპანიაში გადადის პარტნიორთა ნაწილი, რომლებიც ხდებიან გამოყოფილი შპს-ის პარტნიორები. გამოყოფილ ახალ შპს-ს გადაეცემა მანამდე არსებული შპს-დან მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის და ნივთების ნაწილი. 1) რაიმე ხომ არ შეიცვალა გადაცემული ქონების დღგ-ით არდაბეგვრის ნაწილში? 2) და ასევე, ქონების გამოყოფისას უნდა მოხდეს მისი საბაზრო ღირებულებით შეფასება და ისე გადაცემა, თუ საბალანსოთიც შეიძლება? და თუ საბაზროთი უნდა გადაეცეს, გამოიწვევს თუ არა ეს დაბეგვრას და რა სახის დაბეგვრაა?

პასუხი

1) დიახ, საწარმოთა რეორგანიზაციის ფარგლებში გადაცემული ქონება არ იბეგრება დღგ-ით, რაც გამომდინარეობს სსკ 160-ე მუხლის „საქონლის მიწოდება" მე-7 ნაწილის „გ" პუნქტიდან:
„7. საქონლის მიწოდებად არ განიხილება:...
) აქტივის გადაცემა საწარმოს რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ამ ნაწილით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი".
აქ აღნიშნულ წესში იგულისხმება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ", თუმცა ისიც იმეორებს სსკ-დან დებულებას, რომ საწარმოთა რეორგანიზაციის ფარგლებში აქტივების გადაცემა არ იბეგრება დღგ-ით.
2) სამწუხაროდ, „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი, 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, არ განსაზღვრავს მკაფიოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს (რა ღირებულებით) შპს-ის კაპიტალის ფორმირება ქონებრივი შენატანებით. მასში შპს-ებთან მიმართებით მხოლოდ ეს არის აღნიშნული:
მუხლი 23. შენატანის სახეები
შენატანის განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით (ფულადი შენატანი) ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით (არაფულადი შენატანი). სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.
მუხლი 24. შენატანის განხორციელების წესი და ვადა
1. შენატანი უნდა განხორციელდეს კანონითა და წესდებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში...
3. არაფულადი შენატანი განხორციელებულად მიიჩნევა საკუთრების უფლების გადაცემისთვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებების შესრულების მომენტიდან.
4. თუ არაფულადი შენატანის განხორციელების დროს მისი ღირებულება შეთანხმებული შენატანის ოდენობაზე ნაკლებია, პარტნიორი ვალდებულია შეთანხმებული შენატანის ღირებულება ფულადი სახით შეავსოს...
მუხლი 25. შენატანის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. არაფულადი შენატანის ღირებულების შენატანის ოდენობასთან შესაბამისობის შეფასებას და შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე ორგანო".
შესაბამისად, გამოდის, რომ რა ღირებულებით უნდა განხორციელდეს ქონებრივი შენატანი შპს-ში, ეს მხოლოდ შპს-ის პარტნიორებს შორის შეთანხმებით უნდა დარეგულირდეს. აღნიშნულ საკითხს აქვს საგადასახადო და ფინანსური მხარე.
საგადასახადო თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში, თუ ახალ (გამოყოფილ) შპს-ში უძრავი ქონება და სხვა ნივთები გადავა იმ ღირებულებით, რაც გამოყოფამდე არსებულ შპს-ის ბალანსზე იყო, აქ არაფერი იცვლება და საგადასახადო რისკიც არ არსებობს. ხოლო თუ მეტი ღირებულებით გადავა, მაშინ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არ წარმოიშობა, რადგან ეს შპს-ები, როგორც ჩანს, მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე" არიან. ეს იმოქმედებს მხოლოდ გამოყოფილი შპს-ის ქონების წლიური გადასახადის სიდიდეზე.
ფინანსური აღრიცხვის თვალსაზრისით, ახალ (გამოყოფილ) შპს-ში უძრავი ქონებისა და სხვა ნივთების გადასვლა იმ ღირებულებით, რაც გამოყოფამდე არსებულ შპს-ის ბალანსზე იყო და რაც დიდი ალბათობით, მათი სამართლიანი ღირებულებისაგან განსხვავდება, გონივრულად არ ჩანს, რადგან ახალი შპს-ის და მანამდე არსებული შპს-ის პარტნიორთა შემადგენლობა არ არის იდენტური (რაც ჩანს კითხვის მოცემულობიდან). თუმცა, თუ ყველანი შეთანხმდებიან ამაზე (საბალანსო ღირებულებით გადატანაზე), წესით შემდეგში რამე პრობლემა არ უნდა წარმოიშვას.
თუ უძრავი ქონების და სხვა ნივთების გადატანა ახალ შპს-ში მოხდება მათ საბალანსო ღირებულებაზე უფრო მაღალ ფასად, მაშინ ახალი შპს-ის წესდებით განსაზღვრული კაპიტალი იქნება მათი შეფასებული ღირებულება, მაგრამ იმ ნაწილში, რაც აღემატება საბალანსო ღირებულებას, კაპიტალის შემდგომი შემცირება (თუ ასეთ გადაწყვეტილებას პარტნიორები მიიღებენ) შესაძლებელი იქნება მხოლოდ პარტნიორთა დაბეგვრის პირობით. 

 

უკან დაბრუნება