კითხვა

2025/04

დღგ-ის გადამხდელი ქართული კომპანია ეწევა სასტუმრო და სარესტორნე მომსახურებას. თანამშრომლებისთვის დადგენილი აქვს 15%-იანი ფასდაკლება. მოგეხსენებათ, სსკ მე-18 და ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 29-ე მუხლები ერთობლივად ადგენენ იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს გარიგების შედეგებზე. მათ შორის არის პირობა, რომ თუკი შესაძლებელია ანალოგიური საქონელი შეიძინო სხვა დამოუკიდებელი პირისგან იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ მხარეებს შორის გარიგების ფასს 10%-ით არ აჭარბებს, მაშინ ამ შემთხვევაში დამოკიდებულ მხარეებს შორის გარიგების ფასი არ კორექტირდება საბაზრო ფასამდე (დაბეგვრის მიზნებისათვის). ამ პირობებში: 1) ვრცელდება თუ არა სსკ მე-18 მუხლისა და №996 ბრძანების 29-ე მუხლის დებულებები სსკ 164-ე მუხლის მე-7 ნაწილზე? ანუ, დღგ-ის მიზნებისთვისაც შეგვიძლია ეს 10%-იანი დიაპაზონი გამოვიყენოთ? 2) შესაძლებელია თუ არა, რომ თანამშრომლისთვის 15%-იანი ფასდაკლების შემთხვევაში, მხოლოდ 6%-ის (დაახლოებით) ტოლი ფასდაკლება დავბეგროთ როგორც მისი სარგებელი? მაგალითად, თუკი ანალოგიური მომსახურება სხვაგან ღირს 100 ლარი, ხოლო ჩემს თანამშრომელს ვაწვდი ამ პროდუქტს 85 ლარად, ასეთ დროს გამოდის, რომ თუკი თანამშრომელს მივყიდდი ამ სერვისს 91 ლარად, მაშინ გარიგება ჩაითვლებოდა საბაზრო პრინციპებით შესრულებულად (რადგან 91*10%=9,1 და 9<9.1), შესაბამისად საშემოსავლოთი და დღგ-ით დამატებით შემიძლია დავბეგრო მხოლოდ 91-85=6 ლარი? 3) როგორ უნდა განვსაზღვრო სხვა არადამოკიდებული პირის ანალოგიურ პროდუქტზე გასაყიდი ფასი? უნდა არსებობდეს კონკრეტული შესადარისი მონაცემი (მაგალითად, სხვა რესტორნის ფრაისლისტი), თუ შესაძლებელია, რომ ასეთ ცვლადად მივიჩნიო კვალიფიციური დასკვნით გაანგარიშებული ამა თუ იმ პროდუქტის საბაზრო ფასი?

პასუხი

1) სსკ 164-ე მუხლის მე-7 ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე".
თუმცა, იმავდროულად არსებობს ჩანაწერი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქციის 29-ე მუხლში „შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ შორის გარიგების შედეგებზე", რომლის მიხედვით:
„1. პირებს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 37- მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულების არსებობა მათ შორის არსებულ გარიგების შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები პირის მიერ შესაძლებელია ანალოგიური საქონელი/მომსახურება სხვა არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეიძინოს იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით...".
რაც მნიშვნელოვანია, ამ მუხლს თან ახლავს ასეთი საყურადღებო შენიშვნა:
შენიშვნა: აღნიშნული მუხლის დებულებები გამოიყენება არა მხოლოდ საშემოსავლო და მოგების გადასახადის მიზნებისათვის".
ვფიქრობთ, აშკარაა, რომ ეს შენიშვნა სწორად რომ ასე უნდა იქნეს გაგებული, რომ მისი მოქმედება უნდა გავრცელდეს დღგ-ით დაბეგვრის დებულებებზე.
2) არა, ეს დაუშვებელია. თუ საბაზრო ფასს და ფაქტობრივ ფასს შორის სხვაობა 10%-ს აღემატება, მაშინ, ზემოაღნიშნული 31.12.2010 წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქციის 29-ე მუხლი უბრალოდ არ მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ტექსტი სხვაგვარად იქნებოდა ჩამოყალიბებული.
3) ზემოაღნიშნული 31.12.2010 წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, „ანალოგიური საქონელი/მომსახურება" გულისხმობს იმგვარ საქონელს/მომსახურებას, რომლის მიწოდება ხდება შესადარის პირობებში. შესადარისობის განსაზღვრისათვის უნდა მოხდეს ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა მიწოდებული საქონლის/მომსახურების ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია, სეზონურობა, რაოდენობა/მოცულობა, გადახდის პირობები და სხვა გონივრული პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების ფასზე".
თუმცა, აქ არ არის აღნიშნული, თუ რა ფორმით უნდა იქნეს მოძიებული ეს ინფორმაცია. იმავდროულად, სსკ მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად განსაზღვრულია:
„7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია".
ამგვარად, ფასი საბაზროა თუ არა, ამას საბოლოოდ გადაწყვეტს საგადასახადო ორგანო, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამიტომ, რაც მეტი ინფორმაცია გექნებათ ხელთ თქვენ მიერ საბაზროდ მიჩნეული ფასის გასამყარებლად (მათ შორის, სხვა რესტორნის ფრაისლისტებიც, საექსპერტო დასკვნებიც, ბრძანება თქვენი ფასდაკლებების პოლიტიკის შესახებ და სხვა), მით უკეთესი იქნება და გაზრდის იმის ალბათობას, რომ საგადასახადო ორგანომ თქვენი შეფასება გაიზიაროს.

 

 

უკან დაბრუნება