დარეგისტრირდა ახალი შპს, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ონლაინ სწავლება აიტი მიმართულებით. რადგან ახლადგახსნილ შპს-ს არ გააჩნია ფინანსები, დამფუძნებელს შემოაქვს საჭირო თანხები (უპროცენტო სესხი) იმ პირობით, რომ როგორც კი გაუჩნდება შპს-ს შემოსავლები, უკან დაიბრუნებს შემოტანილ თანხებს. ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს დროში. გვაინტერესებს, თანხის უკან დაბრუნების დროს, ხომ არ მოუწევს რომელიმე გადასახადით დაბეგვრა? მოქმედებს თუ არა ისევ ის მიდგომა, როდესაც ვარიცხავდით სარგებელს 20%, გამოყენებული ვადის პროპორციულად და იმავდროულად ხარჯშიც ვატარებდით? როგორ აღვრიცხოთ სწორად, რომ საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, არ წარმოგვეშვას რაიმე სახის პრობლემა?
როგორც ჩანს, ეს დამფუძნებელი - ფიზიკური პირია. შპს-ის მხრიდან, რომელიც მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა", ფიზიკური პირისგან უპროცენტო სესხის მიღება არ წარმოშობს გადასახადით დასაბეგრ ობიექტს (არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც უპროცენტო სესხი ვალუტაში იყო გაცემული და სესხის დაბრუნების დროს დაფიქსირდა უფრო მაღალი სავალუტო კურსი. ამ დროს სამსჯელოა, მიიღო თუ არა სარგებელი სესხის გამცემმა ფიზიკურმა პირმა. ამგვარ შემთხვევას ჩვენს პასუხში არ განვიხილავთ). ის მიდგომა, რომელსაც თქვენ ახსენებთ, როდესაც შპს-ს ერთობლივად წარმოეშვებოდა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯი, არსებობდა 2016 წლამდე ჩათვლით, სანამ მოხდებოდა მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოში.
თუ ეს დამფუძნებელი - არამეწარმე ფიზიკური პირია, მაშინ არც მას არ წარმოეშვება დასაბეგრი ობიექტი. მაგრამ, სიტუაცია სხვაგვარად არის, თუ დამფუძნებელი მეწარმე ფიზიკური პირია, რადგან ამ შემთხვევაში ამოქმედდება სსკ მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი:
„3. უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა:
ა) საწარმომ;
ბ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში".
ეს დებულება გამოიწვევს მეწარმე ფიზიკური პირის დაბეგვრას (უფრო სწორად, დაბეგვრის მიზნით ერთობლივ შემოსავალში ჩართვას) მის მიერ უპროცენტოდ სესხის გაცემისას სსკ 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
„2. საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი".
რაც შეეხება შპს-ში მიღებული უპროცენტო სესხის ბუღალტრულ აღრიცხვას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სააღრიცხვო მეთოდოლოგიით სარგებლობს შპს. თუ ის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით სარგებლობს და სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულებით (ან, დაბრუნების სავარაუდო ვადა განსაზღვრადია საიმედო შეფასებით), მაშინ ხდება სესხის დისკონტირება სამართლიანი ღირებულებით და სარგებელი, რომელიც მიიღო საწარმომ დამფუძნებლისაგან უპროცენტო სესხის მიღებით, აღიარდება კაპიტალის კომპონენტად და რჩება იქ. ამასთან, დისკონტირებულ სესხზე მოხდება პროცენტის დარიცხვა დისკონტირების ეფექტის ამოწურვისთვის, რაც აღიარდება ხარჯად და ამ გზით აისახება კომპანიის მოგება-ზარალში.