კითხვა

2025/06

გვაქვს ასეთი ოპერაცია: ჩვენი ქართული კომპანიის დაკვეთით არარეზიდენტმა კომპანიამ დაამზადა საქართველოში მშენებარე გასაყიდი უძრავი ქონების (აპარტჰოტელის) მაკეტი. მაკეტს ვიყენებს სხვადასხვა ქვეყნებში სამშენებლო გამოფენებზე პოტენციური უცხოელი მყიდველებისთვის წარსადგენად და ამჟამადაც ერთ-ერთ უცხო ქვეყანაშია. არის ეჭვი, რომ ამ მაკეტის დამზადების მომსახურებაში გადახდილი საფასური უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან, როგორც საქართველოში მდებარე უძრავ ქონებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?

პასუხი

სსკ 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
„1. ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:...
) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:
.) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;
.) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ უძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში;
.) მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ მოძრავ ქონებასთან, რომელიც მდებარეობს საქართველოში...".
თუ ეს მომსახურება არარეზიდენტმა პირმა (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გაწია საქართველოს საწარმოს დაკვეთით, მაშის მომსახურების გამწევი პირისთვის გადახდილი საზღაური გადახდის წყაროსთან უნდა დაიბეგროს (დაკავდეს) არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით, სსკ 134-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოში მშენებარე გასაყიდი უძრავი ქონების მაკეტის დამზადება, ცხადია, დაკავშირებულია ამ უძრავ ქონებასთან, მაგრამ საკითხი დგას ასე: ეს დაკავშირებულობა არის „უშუალო" თუ არა? მოქმედი საგადასახადო კოდექსი მკაფიოდ არ განმარტავს ამას.
ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი უარყოფითია. მიგვაჩნია, რომ უშუალოდ დაკავშირებულობა მაშინ ვლინდება, როდესაც ან: 1) მომსახურება უშუალოდ უტარდება ამ უძრავ ქონებას ან მონაწილეობს მის შექმნაში (მაგალითად, პროექტდება, ან რემონტდება, ან იზომება, ან კომუნიკაციის ქსელები უერთდება, ან სხვა ანალოგიური); ან 2) ეს უძრავი ქონება თავად მონაწილეობს მომსახურების გაწევაში (მაგალითად, ქირავდება, ან სასტუმრო მომსახურება გაიწევა, ან გამოიყენება სხვისი ქონების შესანახად, ან სხვა ანალოგიური). „უშუალობა" სწორედ ამას ნიშნავს, ის სხვაგვარად ვერ იქნება განმარტებული.
თუ გაწეული მომსახურება არც ერთი და არც მეორე სახის არ არის, მაშინ მისი დაკავშირებულობა უძრავ ქონებასთან „უშუალოდ" ვერ ჩაითვლება. უძრავი ქონების მაკეტის დამზადება, რომელიც მოძრავი ქონებაა და სარეკლამო-მარკეტინგული მიზნით გამოიყენება, ამ უძრავ ქონებასთან „არაუშუალოდ" დაკავშირებული მომსახურებაა, ისევე როგორც, მაგალითად, ამ უძრავი ქონების დახატვა ან მასზე სტატიის დაწერა. 

 

უკან დაბრუნება