კითხვა

2025/07

რას ნიშნავს ეს ჩანაწერი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით: „სამართალდამრღვევი ვალდებულია დარღვევის გამოსწორებისათვის საპენსიო შენატანი განახორციელოს საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე)“? ანუ ვთქვათ, კომპანიამ 1000-ლარიანი ხელფასიდან დააკავა 20 ლარი საპენსიო შენატანი, 196 ლარი საშემოსავლო გადასახადი და ხელზე გადაუხადა 784 ლარი დასაქმებულს. შემდეგ დეკლარირება გამორჩა და რომ დააზუსტა დეკლარაცია, გადაიხადა ეს 20 ლარი საპენსიო ფონდის ანგარიშზე (პლუს 20 ლარი დამსაქმებლის საპენსიო ანარიცხი) და გარდა ამისა, კიდევ 20 ლარი უნდა ჩაურიცხოს (დაუბრუნოს) დასაქმებულს? ანუ, დასაქმებულს რაც დაუკავა 20 ლარი, ის დაკავებული თანხა უნდა გააუქმოს და 20 ლარი ისევ საპენსიო ფონდის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს?

პასუხი

უფრო ზუსტად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს 2018 წლის 6 აგვისტოს კანონის მე-6 მუხლი შეიცავს ასეთ პუნქტებს:
„1. შემოსავლების სამსახური საპენსიო ფონდის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად მას შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით. საპენსიო ფონდი ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას, აგრეთვე ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს...
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული 5 პროცენტის ოდენობით. საურავი დაირიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ ამ საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე. დამსაქმებელს ამ პუნქტით გათვალისწინებული საურავი დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
31. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის" და" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების/დაზუსტების შედეგად დამსაქმებელი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს შესაბამის საპენსიო შენატანს/შენატანებს. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა, თუ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით არ განახორციელებს საპენსიო შენატანს.
32. ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტების შესაბამისად დამსაქმებლისთვის საურავის ან/და ჯარიმის დაკისრება მას არ ათავისუფლებს ამ კანონის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისგან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შესაბამისი საპენსიო შენატანი საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე) განახორციელოს...
5. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული საპენსიო შენატანის თანხა და საურავი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე".
ზემოაღნიშნული (ნამდვილად უცნაური) 32 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც დამსაქმებელმა უკვე დაუკავა საპენსიო შენატანი დასაქმებულს, მაგრამ არ დაადეკლარირა (ან არასრულად დაადეკლარირა) ის და ამის გამო დაჯარიმდა, რადგან ამ შემთხვევაში, დასაქმებულის ხელფასიდან საპენსიო შენატანი უკვე გამოქვითულია. აღნიშნული, როგორც ჩანს, ეხება იმ შემთხვევას, როდესაც დასაქმებულის ხელფასიდან საპენსიო შენატანი გამოქვითული არ არის (ამ დროს, ეს ხელფასი უკვე დარიცხული და გაცემულია, ან შეიძლება ეს დასაქმებული მაგ დროისთვის აღარც მუშაობს დამსაქმებელთან), ამ დროს ის უნდა გამოქვითულიყო და დადეკლარირებულიყო, რაც არ მომხდარა და ამის გამო დაჯარიმდა. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელი ასრულებს საპენსიო შენატანის (ძირითადი თანხის) დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულებას, ისე რომ არ უბრუნდება დასაქმებულის ხელფასის დარიცხვას და აღარ აკორექტირებს მას.
საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ თუ ზემოაღნიშნული მიზეზით დამსაქმებელი გადარიცხავს დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანის თანხას დაკავების გარეშე, ეს წარმოშობს ახალ სარგებელს, გაცემულს ამ თანამშრომლის სახელზე (საპენსიო ანგარიშზე გადარიცხული თანხა ხომ თანამშრომლის საკუთრებაა), რაც დასაბეგრია როგორც ახალი ხელფასი!
მაგალითად, ვთქვათ გამოვლინდა, რომ დამსაქმებელს უნდა დაედეკლარირებინა და გადაერიცხა საპენსიო ფონდში 40 ლარი, რომლის ნახევარი ანუ 20 ლარი დასაქმებულის ხელფასიდან უნდა დაკავებულიყო, რაც არ მომხდარა. ამის გამო დამსაქმებელი ადეკლარირებს და რიცხავს საპენსიო ფონდში ამ თანამშრომლის საპენსიო შენატანის შესაბამის თანხას, რაც ნიშნავს, რომ მან 20 ლარი თანამშრომლის ნაცვლად გადაიხადა. ეს კი ნიშნავს, რომ დასაქმებულმა იმ თვეში, როდესაც ეს ფაქტობრივად გააკეთა, ამ დასაქმებულს დამატებით უნდა დაარიცხოს ხელფასი 25.51 ლარი და ამის გამო დაადეკლაროს უკვე ამ თვის დეკლარაციით 5 ლარი საშემოსავლო გადასახადი და 2*0.51=1.04 ლარი. 

 

უკან დაბრუნება