ჩვენს კომპანიაში (ღვინის ქარხანა) 2140 ბუღალტრულ ანგარიშზე „ნაგებობები“ აღრიცხული გვაქვს სასწორის ნაგებობა მასში დიდი ხნის წინ დამონტაჟებული 30-ტონიანი საავტომობილო სასწორით. ცალკე სასწორი – ბალანსზე არ გვაქვს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, უნდა დამონტაჟდეს ახალი ელექტროსასწორი, ძველი სასწორი უნდა ჩანაცვლდეს ევროპული სტანდარტით. გვიწევს როგორც დემონტაჟის ხარჯის გაწევა, ასევე მონტაჟის. 1) დემონტაჟის ხარჯები როგორ აღვრიცხოთ? 2) დემონტაჟის შედეგად მოხსნილი ძველი სასწორი, როგორ გამოვყოთ 2140 ანგარიშიდან და რომელ ანგარიშზე ავსახოთ? 3) ახალ სასწორზე გაწეული ხარჯი წავა მის თვითღირებულებაში და ცალკე ანგარიშზე აისახება? თუ კი, რომელ ანგარიშზე? აღრიცხვისთვის ვიყენებთ მსს ფასს-ს.
1) მოცემულ შემთხვევაში, ხდება ახალი ძირითადი საშუალების შექმნა (ახალი სასწორის შეძენა და მონტაჟი). მსს ფასს-ის 17.10 მუხლის თანახმად, „17.10. ძირითადი საშუალების თვითღირებულება მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა ელემენტს:
(ა) მისი ნასყიდობის ფასს, მათ შორის, იურიდიული და საბროკერო მომსახურების ღირებულებას, საიმპორტო საბაჟო გადასახადებსა და შესყიდვის დაუბრუნებად გადასახადებს, ყოველგვარი სავაჭრო ფასდათმობებისა და შეღავათების გარეშე;
(ბ) ნებისმიერ დანახარჯს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია აქტივის დანიშნულების ადგილამდე მიტანასა და სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან, რაც აუცილებელია აქტივის გამოსაყენებლად ხელმძღვანელობის მიერ დასახული მიზნებისათვის; ეს დანახარჯები შეიძლება მოიცავდეს აქტივისთვის ადგილის მომზადების დანახარჯებს, აქტივის ადგილზე მიტანისა და ჩატვირთვა/გადმოტვირთვის დანახარჯებს, მონტაჟისა და აწყობის დანახარჯებს, ასევე მისი ფუნქციური შესაძლებლობების ტესტირების დანახარჯებს;
(გ) აქტივის დემონტაჟის, ლიკვიდაციისა და ადგილმდებარეობის აღდგენის დანახარჯების თავდაპირველ შეფასებას, რის ვალდებულებასაც საწარმო იღებს შეძენის მომენტში, ან შემდეგში, როდესაც გარკვეული დროის განმავლობაში საწარმო აქტივს იყენებს სხვა მიზნებისთვის, რაც დაკავშირებული არ არის მოცემულ პერიოდში მარაგის წარმოებასთან".
ამ დებულებიდან გამომდინარე, როგორც ძველი სასწორის დემონტაჟის ხარჯი, ასევე ახალი სასწორის ღირებულება და მისი მონტაჟი - ეს ყველაფერი ახალი ძირითადი საშუალების თვითღირებულების კომპონენტებია.
2) რაც შეეხება ცალკე გამოყოფილი ძველი სასწორის ღირებულებას, როგორც ჩანს, თქვენს კომპანიას არ მოეპოვება მისი შესყიდვის თავდაპირველი დოკუმენტაცია. ამიტომ ის უნდა შეფასდეს გონივრული განსჯის გზით. მსს ფასს-ის 17.6 მუხლის მიხედვით:
„17.6. ზოგიერთი ძირითადი საშუალების ელემენტები საჭიროებს რეგულარულ შეცვლას... შეცვლილი ნაწილების საბალანსო ღირებულების აღიარება შეწყდება 17.27-17.30 პუნქტების შესაბამისად, იმის მიუხედავად, მათ ცალკე ერიცხებოდა თუ არა ცვეთა. თუ საწარმოსათვის შეუძლებელია შეცვლილი ნაწილის საბალანსო ღირებულების განსაზღვრა, მას ჩანაცვლების ღირებულების გამოყენება შეუძლია საორიენტაციოდ, იმის დასადგენად, როგორი ღირებულება ჰქონდა შეცვლილ ნაწილს შეძენის მომენტში ან მშენებლობის დროს".
აღნიშნული ნიშნავს შემდეგ: საწარმომ უნდა ჩათვალოს, რომ ძველი სასწორი თუ ეღირებოდა მისი შეძენის მომენტში იმდენი, რამდენიც ამჟამად ახალი სასწორი ღირს, და გაცვდებოდა იმ პერიოდში და იმ ცვეთის მეთოდოლოგიით, რაც გამოიყენებოდა მის მიმართ, მაშინ რა საბალანსო ღირებულებაც ექნებოდა დღეის მდგომარეობით ამ ძველ სასწორს, სწორედ ეს არის ცალკე გამოყოფილი ძველი სასწორის ახალი საბალანსო ღირებულება. თუ ესეც ვერ ხერხდება (ვთქვათ, უცნობია, როდის შეიძინეს თავის დროზე ის ძველი სასწორი), მაშინ შემფასებელი უნდა მოიწვიოთ და ცალკე გამოყოფილი ძველი სასწორის ახალი საბალანსო ღირებულება ამ შეფასების გზით უნდა დაადგინოთ.
გამოყოფილი დემონტირებული ძველი სასწორი მოიხსნება 2140 ანგარიშიდან (მისი შესაბამისი ცვეთა - 2240 ანგარიშიდან), მაგრამ თუ რომელ ანგარიშზე აისახება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აპირებთ ამ დემონტირებული ძირითადი საშუალების შემდგომ გამოყენებას, ანუ, რად განიხილავთ მას თქვენთვის - ეს არის ძირითადი საშუალება (მაგალითად, ის შეიძლება გამოიყენოთ სხვა წონადი ტვირთების ასაწონად), გასაყიდი ფასეულობა, ჯართი თუ რა? თუ ის გასაყიდად არის გამიზნული (გინდ როგორც სასწორი, გინდ როგორც ჯართი), მაშინ 16** ბუღალტრულ ანგარიშებზე უნდა აისახოს.
2140 და 2240 ანგარიშებზე რაც დარჩება ამ გამოყოფის შემდეგ, მათი სხვაობა იქნება ძველი ნაგებობის საბალანსო ღირებულება. სასურველია, რომ ამ თანხით ხელახლა აღიარდეს ეს ნაგებობა (სასწორის გარეშე) ბალანსზე, შეფასდეს მისი სასარგებლო სამსახურის ვადა დღეის მოცემულობით და მისი ცვეთის დარიცხვა დაიწყოს ამ ახალი ღირებულებისა და სასარგებლო სამსახურის ვადის გათვალისწინებით.
3) ძირითადი საშუალებების რომელ ანგარიშზე უნდა აღირიცხოს ახალი სასწორი, ეს განსჯის საგანია. შესაძლებელია, ის აისახოს ცალკე (მაგალითად: 2150 ანგარიშზე), მისი თვითღირებულებით, რომელშიც შევა შეძენის, მონტაჟისა და ძველი სასწორის დემონტაჟის ხარჯები. ასევე დასაშვებია ალტერნატიული ვარიანტიც, რომ ამ ახალი სასწორის თვითღირებულება გაერთიანდეს ძველი სასწორის მოხსნის (გამოყოფის) შემდეგ დარჩენილი ნაგებობის საბალანსო ღირებულებასთან და აღიარდეს ახალი ერთიანი ძირითადი საშუალება (ნაგებობა მასში დამონტაჟებული ახალი სასწორით), რომლის სასარგებლო სამსახურის ვადის განსაზღვრა და ცვეთის დარიცხვა დაიწყება ახალი სასწორის დამონტაჟების შემდეგ.