კითხვა

2023/05

მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. მოცვის ნერგების დარგვისას კვალზე მთელ სიგრძეზე ხდება პოლიპროპილენის ქსოვილის (ე.წ. მულჩი) გადაკვრა. მულჩი ხელს უშლის მოცვის ახალდარგული ნერგის ირგვლივ ბალახის ამოსვლას. აღნიშნული მულჩის ღირებულება საკმაოდ დიდი თანხაა. როგორ უნდა აღვრიცხოთ აღნიშნული მულჩი ფინანსურად და გვეკუთვნის თუ არა მასზე ქონების გადასახადის გადახდა?

პასუხი

მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მიხედვით, ძირითადი საშუალებების (მათ შორის, საინვესტიციო ქონების) და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა რეგულირდება მე-7 განყოფილების თანახმად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ბიოლოგიური აქტივების აღრიცხვის წესებიმე-8 განყოფილების თანახმად. ამ სტანდარტის 7.2 მუხლის მიხედვით განმარტებულია:
„7.2. ძირითადი საშუალებებიმატერიალური აქტივები, რომლებიც:
() იმყოფება საწარმოს განკარგულებაში და გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, საქონლის ან მომსახურების მისაწოდებლად; იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის;
() მოსალოდნელია მათი ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი პერიოდის განმავლობაში გამოყენება“.
ბიოლოგიური აქტივის განმარტება კი ამ სტანდარტის 8.2 მუხლის თანახმად, არ განსხვავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსში მოცემული განმარტებისგან: ბიოლოგიური აქტივი არის ცხოველი ან მცენარე“.
სსკ 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ც“ პუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულია ბიოლოგიური აქტივები. მოცვის ნარგავები, ცხადია, ბიოლოგიური აქტივია, მაგრამ ასევე ცხადია, რომ მულჩი ანუ პოლიპროპილენის ქსოვილი არ არის ბიოლოგიური აქტივი. ვინაიდან მულჩის დაგება ხდება პლანტაციის გაშენების საწყის ეტაპზე და მისი სასარგებლო სამსახურის ვადა ერთ წელზე მეტია (ანუ, გრძელვადიანი გამოყენებისაა), მისი ღირებულება კი არსებითია, ამიტომ მულჩი აკმაყოფილებს ძირითადი საშუალების ზემოთ მოყვანილ ცნებას. ამასთან, ეს მოძრავი ქონებაა, არ არის უძრავი ქონების შემადგენელი ნაწილი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლში მოცემული უძრავი ნივთის ცნების მიხედვით, „უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“.
მულჩი, როგორც ძირითადი საშუალება, უნდა გაიცვითოს მისი სასარგებლო სამსახურის ვადის განმავლობაში ცვეთის ერთ-ერთი მეთოდით, ამასთან მისი ცვეთა შეტანილ უნდა იქნეს მოცვის პლანტაციის თვითღირებულებაში.
მულჩი არ დაიბეგრება ქონების გადასახადით, რადგან თქვენი კომპანია ისარგებლებს სსკ 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ჯ“ პუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით:
„1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:...
ჯ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 01 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში (სოფლის მეურნეობაში) დასაქმებული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აგრეთვე ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება, რომლებსაც ეს პირი ამავე საქმიანობაში იყენებს“.

უკან დაბრუნება