კითხვა

2023/11

ქართულ საწარმოში, რომელიც სააქციო საზოგადოებაა, საქართველოს რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა (რომელიც ამ საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირია) აქციების სანაცვლოდ შეიტანა რაღაც აქტივი (კერძოდ, 100% წილი სხვა შპს-ში). ფიზიკურმა პირმა შეტანილი აქტივი დააფასა 3 მლნ ლარად, სანაცვლოდ საწარმომ გამოუშვა 3 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების აქციები და გადასცა ამ ფიზიკურ პირს. ამ აქციების გამოშვების შემდეგ ხსენებული ფიზიკური პირი ფლობს სააქციო კაპიტალის ნახევარზე მეტს − 75%-ს. კერძოდ, ამ ემისიამდე საწარმოს სააქციო კაპიტალი იყო 1 მლნ ლარი (საემისიო კაპიტალი არ ჰქონდა) და 3 მლნ-იანი ემისიის შემდეგ ფიზიკური პირი გახდა 75% წილის მფლობელი აქციონერი. ამ ოპერაციის შემდეგ 4 კალენდარულ თვეში ამ ფიზიკურმა პირმა სრულად მიჰყიდა თავისი აქციები სხვა არსებულ აქციონერს. კაპიტალში აქტივების ამგვარი შეტანისას, როდესაც ხდება კომპანიის წილის 50%-ზე მეტი აქციების სანაცვლოდ გადაცემა და როდესაც აქტივის შეტანა კაპიტალში არ ითვლება მიწოდებად (სსკ 151-ე მუხლი), საჭიროა თუ არა შეტანილი აქტივების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა? და თუ აღმოჩნდება, რომ ეს საბაზრო ღირებულება 3 მლნ ლარზე ნაკლებია, არის თუ არა ეს სხვაობა დასაბეგრი, მოგების ან საშემოსავლო გადასახადით? დაბეგვრა გვაინტერესებს სააქციო საზოგადოების მხრიდან. გასათვალისწინებელია, რომ რეალურად კომპანიას ხარჯი არ გაუწევია, თანხა არ გადაუხდია.

პასუხი

მოცემულ შემთხვევას, როცა აქციების/წილის სანაცვლოდ ხდება აქტივის მიწოდება, ეხება სსკ 151- მუხლიიურიდიულ პირში წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანა“:
„1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გაცვლის შედეგად მიღებული პარტნიორის წილის ღირებულება ტოლია გადაცემული აქტივების ღირებულებისა, გადაცემული (შესაბამისი) დავალიანების გამოკლებით.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთდროულად გაიცემა ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული, ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის გადაცემის შემთხვევაში მათი მიმღებისათვის აქტივების ღირებულებად ითვლება გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.
6. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება უფლებრივი ნაკლის მქონე აქტივების გადამცემზე, თუ დავალიანება აღემატება გადაცემული აქტივების ღირებულებას.
7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97- მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი“.
ვინაიდან გადაცემული აქტივი არის წილი შპს-ში (ანუ, არაამორტიზებადი აქტივი), ამ მუხლის მე-4 ნაწილი არ მოქმედებს (თუნდაც მისი გამცემი − ინდმეწარმე ფიზიკური პირი იყოს), ხოლო რადგან იურიდიული პირის აქციების 50%-ზე მეტი გასხვისდა, არც მე-7 ნაწილში მოცემული შეზღუდვა იმოქმედებს.
შესაბამისად, ფიზიკური პირისთვის შეძენილი აქციების თვითღირებულება არის ის, რაც იყო მანამდე მისთვის შპს-ში წილის თვითღირებულება. თუ ფიზიკური პირი ამ აქციებს გაყიდის მათზე საკუთრების მოპოვებიდან 4 თვის შემდეგ ამ თვითღირებულებაზე უფრო მაღალ ფასად, მაშინ ის დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით (20%) ამ ნამეტის თანხიდან.
რაც შეეხება სააქციო საზოგადოებას, მისთვის საჭიროა იცოდეს, თუ რა არის მიღებული აქტივის სამართლიანი ანუ რეალური ღირებულება (აღვნიშნოთ X ლარით), რადგან მან სწორედ ამ ღირებულებით, რომელიც შეიძლება არ იყოს 3 მლნ ლარის ტოლი, უნდა აჩვენოს სააქციო კაპიტალის გაზრდა. უფრო კონკრეტულად:
ა) თუ ახალი აქციონერისაგან აქციების სანაცვლოდ მიღებული აქტივის სამართლიანი (რეალური) ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია, სააქციო საზოგადოებამ თავის ინდივიდუალურ (არაკონსოლიდირებულ) აღრიცხვა-ანგარიშგებაში უნდა აჩვენოს 3 მლნ ლარის ოდენობით სააქციო კაპიტალის შევსება და (X-3000000) ლარის ოდენობით საემისიო კაპიტალის წარმოქმნა;
ბ) თუ ახალი აქციონერისაგან აქციების სანაცვლოდ მიღებული აქტივის სამართლიანი (რეალური) ღირებულება X ლარი 3 მილიონ ლარზე ნაკლებია, მაშინ, ამ შემთხვევისთვის ზუსტი მითითების არარსებობის გამო, პრაქტიკაში გვხვდება აღრიცხვაში ასახვის რამდენიმე ვარიანტი:
ბ-1. სააქციო საზოგადოებამ თავის ინდივიდუალურ (არაკონსოლიდირებულ) აღრიცხვა-ანგარიშგებაში უნდა აჩვენოს X ლარის ოდენობით სააქციო კაპიტალის შევსება;
ბ-2. სააქციო საზოგადოებამ თავის ინდივიდუალურ (არაკონსოლიდირებულ) აღრიცხვა-ანგარიშგებაში უნდა აჩვენოს 3 მლნ ლარის ოდენობით სააქციო კაპიტალის შევსება და იმავდროულად, აღიაროს უარყოფითი საემისიო კაპიტალი, (X-3000000) ლარის ოდენობით;
ბ-3. სააქციო საზოგადოებამ თავის ინდივიდუალურ (არაკონსოლიდირებულ) აღრიცხვა-ანგარიშგებაში უნდა აჩვენოს 3 მლნ ლარის ოდენობით სააქციო კაპიტალის შევსება და იმავდროულად, აღიაროს ზარალი (X-3000000) ლარის ოდენობით, თუმცა ეს იქნება ისეთი ზარალი, რომელიც არ აისახება მოგება-ზარალის ანგარიშგებაში, არამედ უნდა აისახოს მხოლოდ საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებაში.
სააქციო საზოგადოების კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში სხვა შპს-ის შეძენის ასახვის ვრცელ საკითხს არ განვიხილავთ „კითხვა-პასუხის“ საჟურნალო ფორმატიდან გამომდინარე.
სააქციო საზოგადოების მოგების გადასახადით შესაძლო დაბეგვრის საკითხს რაც შეეხება, სსკ 981 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტში აღნიშნულია:„2. განაწილებულ მოგებად არ ითვლება:...
) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა“.
თუმცა, ამის მიუხედავად, მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი შესაძლოა დადგეს სსკ 981 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ გარიგება განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირთან და ამ გარიგების საბაზრო ფასი უფრო მეტია, ვიდრე აქციების სანაცვლოდ მიღებული აქტივის საბაზრო ღირებულება:
„4. მოგების განაწილებად ითვლება:
) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97- მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
.) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს“.
გარდა ამისა, შესაძლოა ამ შემთხვევაში აქ აღნიშნული ნამეტი შეფასდეს ქონების ჩუქებად და დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით, სსკ 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ პუნქტის მიხედვით. მსგავს (თუმცა, არა იდენტურ) შემთხვევაზე შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 23 სექტემბერს გამოცემულია სიტუაციური სახელმძღვანელო (ე.წ. „მენუალი“) №1509.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში გარიგების შესაძლო დაბეგვრა დამოკიდებულია რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ შეფასებაზე პროფესიული განსჯის გზით.

უკან დაბრუნება