შპს-მ ისესხა დამფუძნებლიდან 1000 აშშ დოლარი, როცა კურსი იყო 2.20 ანუ 2200 ლარის ეკვივალენტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს-მ ლარის ანგარიშიდან დაფარა ეს სესხი 1000 აშშ დოლარი, როცა კურსი იყო 3.0, ანუ დამფუძნებელს გადაუხადა ძირი თანხა 3000 ლარი. წარმოშობილი კურსთაშორისი სხვაობა 800 ლარი ხომ არ იბეგრება საშემოსავლოთი, ან მოგების გადასახადით ამ შპს-ისთვის?
შპს-მ ბალანსზე არსებული დენის გამანაწილებელი ტრანსფორმატორი (მცირე ნარჩენი ღირებულებით) უსასყიდლოდ გადასცა „თელასს“. მიღებული ზარალი იბეგრება თუ არა მოგების გადასახადით?
ვყიდულობთ გემით მოწოდებულ ხორბალს ინვოისის და ხელშეკრულების საფუძველზე. გვარიცხინებენ ავანსის თანხას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მე ვფიქრობ, რომ გადახდილი ავანსი მოგების გადასახადით უნდა დაიბეგროს, რადგან თანხა ოფშორში ირიცხება. თუმცა, საბაჟო საწყობი გვაქვს ფოთში და იქ მოვაქცევთ საბაჟო კონტროლის ქვეშ, ეს საკუთრებაში მიღებად მაინც არ ჩაითვლება? და დაბეგვრას ვერ ავცდებით?
2024 წლის თებერვალში შპს-მ, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება „ესტონური მოდელის“ მიხედვით, გაყიდა ქონება: მიწა მასზე განთავსებული მცირე სამეწარმეო შენობა-ნაგებობებით. შპს-ის ორმა დამფუძნებელმა (50% და 50%) მომმართა თხოვნით გამომეანგარიშებინა მოგება, დივიდენდი და გამენაწილებინა მათ განკარგულებაში დარჩენილი ქონება. მიღებულ შემოსავალს გამოვაკელი მიწის ღირებულება და შენობა-ნაგებობების ნარჩენი ღირებულება, ასევე აუდიტორის მომსახურების ღირებულება. ბიუჯეტში გადავიხადეთ მოგების გადასახადი და დივიდენდიდან საშემოსავლო გადასახადი. მხარეებმა გაინაწილეს და აიღეს კუთვნილი თანხა. სხვა შემოსავლები არ გვქონია და არც ივარაუდება.
ახლობლის აზრით, ამ დროისთვის უნდა გამეთვალისწინებინა წინა წლების ზარალი, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ განაწილდა დივიდენდი, რომელსაც მხარეები იღებენ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯების დაპირისპირებით შემოსავალთან მოგების გამოსაყვანად.
რაც შეეხება წლიური ანგარიშგების ჩაბარებას, თუ ამ დროს წინა წლების ზარალით (რა თანხაა არ ვიცი) უნდა შემცირებულიყო მოგება ქონების გაყიდვიდან და შესაბამისად ნაკლები იქნებოდა მოგების გადასახადი, დივიდენდიდან საშემოსავლო გადასახადი და გასანაწილებელი თანხა (სულაც შეიძლება ნული გამოსულიყო), მაშინ რა სურათი იხატება და როგორ მოვიქცე?
„ესტონურ მოდელზე“ მყოფი კომპანიისთვის, რომელიც სარემონტო-საინჟინრო სამუშაოებით არის დაკავებული, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებით წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმატივის დადგენისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს თუ არა გაცემულ სესხებზე და საბანკო დეპოზიტებზე/ანაბრებზე დარიცხული პროცენტები?
ჩვენი კომპანია ყიდის ან მოკლევადიანი იჯარით გასცემს იმპორტირებულ სამედიცინო აპარატურას, ასევე სახარჯ მასალებს მათთვის. ერთ-ერთმა ა(ა)იპ-მა, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, მოგვმართა თხოვნით, გავუწიოთ სპონსორობა ამ ა(ა)იპ-ის მიერ ორგანიზებულ სამედიცინო წარმომადგენელთა კონგრესს, რასაც შესაბამისად ჩაგვიწერენ ინვოისში. დაიბეგრება თუ არა ჩვენ მიერ ამ მიზნით გადარიცხული თანხა მოგების გადასახადით?