დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი შპს X-ის 80% ეკუთვნის ავსტრიულ (ავსტრიის რეზიდენტ) კომპანიას, ხოლო 20% ეკუთვნის საქართველოს მოქალაქე (რეზიდენტ) არამეწარმე ფიზიკურ პირ Y-ს, რომელიც იმავდროულად ამ შპს-ის დირექტორია. შპს X-ის ბალანსზე ირიცხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება რამდენიმე მილიონი აშშ დოლარია. ნაკვეთზე არ დგას არანაირი შენობა-ნაგებობა, მხოლოდ მიწაა. ფიზიკურ პირს Y-ს სურს, რომ აღნიშნული ნაკვეთი გახდეს მისი საკუთრება, რათა შემდეგ განავითაროს ის ბიზნესის კუთხით:
ა) ვარიანტი: შპს X მიჰყიდის ფიზიკურ პირ Y-ს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს საბაზრო ფასად განვადებით. ანუ, ფპ Y მიწის საფასურს გადაუხდის შპს X-ს ნაწილ-ნაწილ და დაფარავს სრულად 2030 წლის ჩათვლით;
ბ) ვარიანტი: შპს X მიჰყიდის ფიზიკურ პირ Y-ს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს საბაზრო ფასად და გადაუფორმებს საკუთრებაში. იმავდროულად ავსტრიული კომპანია ასესხებს ფპ Y-ს მიწის სრულ ღირებულებას წლიური 5%-იანი სესხით აშშ დოლარში, ხოლო სესხის დაფარვის გარანტიად ფპ Y ავსტრიულ კომპანიას „ჩაუდებს“ აღნიშნულ მიწას. იმავდროულად, ფპ Y დაუფარავს შპს X-ს მიწის სრულ ღირებულებას მიღებული სესხის თანხით.
რა საგადასახადო რისკები შეიძლება იყოს ამ ორ ვარიანტში როგორც შპს X-ისთვის, ისე ფპ Y-ისთვის და ასევე დამფუძნებელი ავსტრიული კომპანიისთვის?
საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს 2 წელზე მეტი ხნით ეკუთვნის წილი არარეზიდენტ კომპანიაში, რომელსაც ახლა ყიდის. რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი აღნიშნული წილის გაყიდვის შემთხვევაში?
მომსახურების (არა შრომითი) ხელშეკრულებით დასაქმებულებზე შეგვიძლია ჯანმრთელობის დაზღვევა ავუნაზღაუროთ კომპანიის ხარჯით? თუ კი, საგადასახადო კუთხით, მოგების გადასახადით უნდა დავბეგროთ თუ საშემოსავლო გადასახადით?
ვარ ინდმეწარმე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირი, დღგ-ის გადამხდელი. წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისას, ვიყენებ ძირითადი საშუალებების 100%-ით გამოქვითვის უფლებას და ვიმცირებ დასაბეგრ შემოსავალს. ახლა მინდა, შევიტანო ეს ძირითადი საშუალებები (მათ შორის, უძრავი ქონება – მიწა, ვენახები) იმ ფირმის (დღგ-ის გადამხდელი შპს-ის, რომელიც მეღვინეობის ქარხანაა) განთავსებულ კაპიტალში, რომელშიც უკვე რამდენიმე წელია 50%-50% გვეკუთვნის მე და ჩემს ოჯახის წევრს, ამ შპს-ში კაპიტალის გაზრდის ფორმით. მეორე პარტნიორს არ შეაქვს ქონება და ამიტომ შპს-ში ჩემი წილობრივი მონაწილეობა გაიზრდება.
ხომ არ წარმოქმნის ეს ოპერაცია დასაბეგრ შემოსავალს ჩემთვის, ან ჩემი ოჯახის ამ წევრისთვის (1-ლი რიგის მემკვიდრეა)?
ფიზიკურ პირ A-ს ეკუთვნის 100% წილი შპს X-ში, რომელიც მოქმედია, ეწევა აქტიურ ბიზნეს-საქმიანობას და ფლობს სხვადასხვა აქტივებს. ფიზიკური პირი B ფლობს უძრავ ქონებას (მიწა და მასზე დამაგრებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობა), რომელსაც ის შეაფასებინებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და დაადგენს აღნიშნული ქონების საბაზრო ფასს, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი ლარი მაინც იქნება. ფიზიკური პირები A და B შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირი A გადაუფორმებს ფიზიკურ პირ B-ს შპს X-ის 50% წილს, ხოლო ფიზიკური პირი B შეიტანს შპს X-ის კაპიტალში მის კუთვნილ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას. როგორ შეიძლება, რომ ეს შეთანხმება განახორციელონ ფიზიკურმა პირებმა ისე (რა ტიპის ხელშეკრულებები უნდა დადონ, ან რა ტიპის ოპერაციები განახორციელონ), რომ არ დაიბეგროს არცერთი ფიზიკური პირი და არც შპს X ამ ოპერაციებზე და მიიღონ სასურველი შედეგი?
ჩვენი კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი. როდესაც სასაქონლო ზედნადებებით უსასყიდლოდ ვაძლევთ საქონელს სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“, ამას ვბეგრავთ მხოლოდ დღგ-ით, ხოლო როდესაც გამოვლინდება სასაქონლო დანაკლისი, ამას ვბეგრავთ დღგ-ითაც და საშემოსავლო გადასახადითაც, როგორც ხელფასს.
დანაკლისი რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უსასყიდლოდ მიწოდებად და დაიბეგროს მოგების გადასახადით (და არა როგორც ხელფასი)? 50-ლარამდე საჩუქრებს არ ვგულისხმობ, მათი გადაცემა ხომ ისედაც იდენტიფიცირებული უნდა იყოს.