ღვინის კომპანიის ლაბორატორიის ბალანსზე ირიცხება კოლბები, პიპეტი, ცილინდრი, სინჯარები, რომელთა თვითღირებულება (ერთეულის) 1-დან 100 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. ყოველთვიურად ნაშთს აკლდება, იმტვრევა, იმსხვრევა... ასევე გვაქვს ისეთი ხელსაწყოები, მაგალითად, რეფრაქტომეტრი, PH-მეტრი, რომელთა ღირებულება 150-დან 200 ლარამდე მერყეობს. როგორ უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა, რა ანგარიშზე გატარდეს შესყიდვა და ასევე მტვრევა, მსხვრევის აღრიცხვა (ბუღალტრული გატარება)?
დეკემბრის თვეში სააქციო საზოგადოებას მომსახურება გაუწია ოფშორში რეგისტრირებულმა უცხოურმა კომპანიამ, რომელსაც აქვს შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მომსახურების ღირებულება შეადგენს 100 000 (პირობითად) აშშ დოლარს, ხოლო მომსახურების საგანი გულისხმობს კონკრეტულ ბიზნეს-სექტორში, რეგიონული და საერთაშორისო ბაზრების შესწავლას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშის მომზადებას. თანხის ნაწილი გადახდილ იქნა წინასწარ დეკემბრის თვეში, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდა იმავე თვის ბოლოს, როდესაც განხორციელდა ზემოხსენებული ანგარიშის მოწოდება.
სააქციო საზოგადოებას არ აქვს ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ოპერაციები.
გთხოვთ, გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე:
1) რა გადასახადებით დაიბეგრება სააქციო საზოგადოება და რა პერიოდში?
2) ხარჯში უნდა გატარდეს აღნიშნული მომსახურების თანხა, თუ აყვანილ იქნეს არამატერიალურ აქტივად?
3) არის თუ არა იმის რისკი, რომ აღნიშნული მომსახურების მიზნობრიობა, სააქციო საზოგადოების მოცულობისა და ეკონომიკური საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დადგეს და გადაკვალიფიცირდეს, როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია?
ელექტრომიმწოდებელი კომპანიისათვის რაღაც მოცულობის ელექტროენერგიის მიწოდება მოხდა უსასყიდლოდ.
საგადასახადო მიზნებისთვის ალბათ არ დაიბეგრება, რადგან რამე ხარჯის გაწევას ადგილი არ ჰქონია.
ამ მიწოდებიდან წარმოქმნილი ფინანსური სარგებელი საბაზრო ფასით უნდა იქნეს აღიარებული? თუ ასეთი ფასით: საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც დგინდება ყოველთვიურად და ამ ტარიფით ხდება ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) მიერ ელექტროენერგიის იმ ნაწილის მიწოდება, რომელიც პირდაპირი ხელშეკრულებებით არ შესყიდულა?
რა მოსაზრება გექნებათ ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის? კომპანია იყენებს სრულ ფასს-ებს.
მოვახდინეთ შენობის გადაფასება, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ღირებულება. წინა წლებში ვარიცხავდით ცვეთას, ნარჩენი ღირებულების 5%-ს. ამ წლიდან გვინდა გადავიდეთ ცვეთის დარიცხვის წრფივ მეთოდზე. არის თუ არა რამე შეზღუდვა ამ გადასვლასთან დაკავშირებით?
მაგალითად, ვთქვათ შენობის ნარჩენი ღირებულება (პირვანდელ ღირებულებას მინუს ცვეთა) არის 1 500 000 ლარი, სასარგებლო მომსახურების ვადა – 40 წელი. ამ წლების გასვლის შემდეგ მისი ღირებულება იქნება 500 000 ლარი. ცვეთა იქნება 25 000 ლარი ყოველწლიურად – 40 წლის განმავლობაში:
(1 500 000-500 000):40=25 000 ლარი.
რამდენად სწორია ჩვენი მოქმედებები?
წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ იურიდიულ პირს. პერიოდულად გვაქვს მარკეტინგული აქტივობები, კერძოდ: თუ კლიენტი შეიძენს საქონელს ჩვენგან, მას დაერიცხება გარკვეული ოდენობის ქულები, რომლითაც შემდგომ, თუ გარკვეული პერიოდის გათვალისწინებით გამოიყენებს, შეუძლია შეიძინოს საქონელი.
პირობითად განვიხილოთ ასეთი მაგალითი:
2024 წლის ოქტომბერში კლიენტმა შეიძინა 100 ლარის ღირებულების საქონელი, რაზეც მას დაერიცხა 10 ლარის ქულა (ჩვენ დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში ავსახეთ დ-ტი 1410 კ-ტი 6110 - 84.75 და კ-ტი 3330 – 15.25 ლარი, ასევე დ-ტი 1210 კ-ტი 1410 100 ლარი).
2024 წლის თებერვალში აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა შეიძინა 20 ლარის საქონელი, ხოლო თანხა გადაიხადა 10 ლარი, დანარჩენი კი გაინაშთა დარიცხული ქულებით (აღნიშნული სმფ – სრულად იბეგრება დღგ-ით).
2025 წლის თებერვალში დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში რა უნდა აისახოს? 10 ლარის შესაბამისი 6110 ანგარიშის ბრუნვა თუ 20 ლარის შესაბამისი?
გთხოვთ განიხილოთ ეს მაგალითი (ქულებით განაშთვა) ბუღალტრული ანგარიშების მიხედვით გატარებების დონეზე.
შენიშვნა:
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არსებობს გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც დღგ-ით დასაბეგრ ბაზად განისაზღვრება გადახდილ თანხას დამატებული ქულებით შეძენილი სმფ-ის ღირებულება.
შპს-ის ბალანსზე გვაქვს ბორბლებიანი ტრაქტორი. შევიძინეთ საბურავების მთლიანი კომპლექტაცია და გამოვუცვალეთ მას 4-ვე საბურავი, რისი საერთო ღირებულება 5000 ლარამდეა. ვფიქრობ, 21**-ანგარიშებს მივაკუთვნო ეს თანხა. თქვენ რას გვირჩევთ? შპს მუშაობს მსს ფასს-ის მიხედვით.